მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს გამოეხმაურა გარდაცვლილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი.
მირიან ნიკოლაძის შეფასებით, დაცვის მხარის ექსპერიმენტით დაუჯერებელი მიზეზით სრული კაპიტულაცია დადგინდა.
„დღემდე არც ერთხელ არ მიმიცია შეფასება დაცვის მხარის პოზიციებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები (რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ მევალება).
თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს.
1. როგორც მე მივხვდი, გამოძიების მიერ მოწმე ი.ბრეგვაძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იგი მშენებარე შენობის აივნიდან ხედავდა, როგორც „ტოიოტა-ს“ ადგილზე მისვლის, ასევე მასში მსხდომი პირების გამოდევნების გარკვეულ არეალს და არა სახეებს, ან სხვა დეტალურ გარემოებებს (წინააღდეგ შემთხვევაში, უნდა ჩატარებულიყო სავალდებულო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაც).
რა დადასტურდა დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით? ნათლად გამოჩნდა და უპირობოდ დადასტურდა, რომ ი.ბრეგვაძეს შეეძლო უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა-ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა.
თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ.
2. არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება (ერთი-ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მეორე-გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი), რომ ღამით არაგვის ფერდობზე ჩარბენა შესაძლებელია ყოველგვარი უმცირესი დაზიანებების გარეშე.
რა დადასტურდა დაცვის ექსპერიმენტით? სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით.
მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილია!
P.S რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოდ გაოცებული კი გახლავარ(თ)…“ – წერს ნიკოლაძე.
შეგახსენებთ, წუხელ მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ.
დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატების გარდა მონაწილეობა საკუთარი სურვილით საქმის არა ფიგურანტებმაც მიიღეს.
ცნობისთვის, გირგი შაქარაშვილის დაცვის მხარის ადვოკატებმა პროკურატურისგან საქმის მასალები მოითხოვეს. ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი აცხადებს, რომ უწყებას მასალებს “პირველი” საქმის წარმოებიდან სთხოვენ და აქვთ მოლოდინი, რომ დამძიმებული ბრალის გარემოებები და მტკიცებულებები ამ საქმის მასალებშიც იქნება.
11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.