ბლოგერი, გივიკო დიდია, რომლის მიერ გამოქვეყნებულ სახალისო პოსტს “გუგუნობს ლანჩხუთი” საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, განმარტავს, რომ არ იცოდა, უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯაბა ხოფერიას ლანჩხუთში გადასვენების ფაქტის შესახებ.
აღნიშნულს ეხმაურება ზვიად კვარაცხელია და წერს:
“ინფლუენსერი გივიკო დიდია ანერვიულებულა, გავილანძღეო. შეიძლება გაუგო, რომ მას მართლა არ უნდოდა გლოვის დღეებში ტაშფანდურის დაცხება ლანჩხუთში და ამის გასაჯაროება. მაგრამ ის, რომ მან 25 წლის ქართველი გმირის დაღუპვის ამბავი არ იცოდა, ნაწილობრივ დიაგნოზია მისთვისაც და გივიკოდიდიებით სავსე ჩვენი საზოგადოებისთვის.
პეპლები, ყვავილები და დილის თუხთუხა კოფე არაა ჩვენი ქვეყნის რეალობა – ურიცხვი პრობლემით და გაჭირვებით სავსეა, და ამ ყველაფრის შემოქმედთა წინააღმდეგ ტიპურ გივიკოდიდიებს სიტყვა არ დასცდებათ, ცხოვრობენ თავიანთ ნაჭუჭში და მხოლოდ ბედნიერების ბაბლს ქმნიან. ჰოდა, როცა ამ ნაჭუჭში ცხოვრობ, შეიძლება შენ გვერდით, ერთი თვალის გაწვდენაზე მომხდარი ტრაგედიებიც გამოგრჩეს სამწუხაროდ” , – წერს კვარაცხაელია.