უკრაინაში დაღუპული 41 წლის ქართველი მებრძოლის, ავთო რურუას ცხედარი ოთხი ქართველი თანამებრძოლის ცხედართან ერთად კვლავ ბახმუტში, ფრონტის წინა ხაზზე რჩება. 3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მებრძოლების გამოსვენება ცხელი წერტილიდან მძიმე საომარი მოქმედებების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.
აფხაზეთიდან დევნილი ავთო რურუა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, მარტში წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა, როგორც მისი ცოლი, ელმირა ინალიშვილი უყვება რადიო თავისუფლებას, ნოემბრის დასაწყისში კვლავ უკრაინაში დაბრუნდება გადაწყვიტა:
„აღარ მეგონა, რომ წავიდოდა. თავიდან მითხრა, პოლონეთში მივდივარ სამუშაოდო. დედამაც ასე იცოდა. მაგრამ წასვლის წინა დღეს, როცა უკვე ბილეთი ეჭირა ხელში, დამიძახა და მითხრა, არ მინდა მოგატყუო და იცოდე, ისევ უკრაინაში მივდივარო. ორი ბიჭი გვყავს. არც ბავშვებისთვის დაუმალავს. უფროს ბიჭს, საკუთარი ხელით მოქსოვილი ხატი დაუტოვა და სთხოვა, ჩემს ჩამოსვლამდე არ მოიხსნაო.
მწარედ მახსოვს ის დღეები. ერთი კვირის განმავლობაში დაკარგული იყო. არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ერთი კვირის თავზე მოვიდა სახლში საშინელ დღეში. 20 დღის ბავშვი მყავდა. ნერვიულობისგან რძე გამიშრა. აგვისტოს ომის დროს ვაშლიჯვრის სპეც-რაზმში ირიცხებოდა. ჩემი ქმარი პროფესიით სამხედრო იყო. სნაიპერი, წლების განმავლობაში ზუგდიდი-სენაკის ბაზაზე მუშაობდა. შემდეგ თბილისში შესთავაზეს გადასვლა, მაგრამ უარი თქვა ოჯახის გამო. უკრაინის ომში ყუმბარმტყორცნელი იყო. ძალიან კარგი, გამორჩეული მხედველობა და მიზანი ჰქონდა. ამიტომ ძალიან ძვირფას და გამოცდილ ჯარისკაცად ითვლებოდა“, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.
ავთოს უკრაინელმა თანამებრძოლმა ელმირას უთხრა:
“უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლაო. მითხრა, პირისპირ, კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. რომელი ობიექტიც უნდა გაემაგრებინა, იმ ადგილას, მინდორშია ისევ მისი სხეულიო“.
ცნობისთვის, ავთო რურუა პროფესიონალი სამხედრო იყო. იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც.
წყარო: რადიო თავისუფლება