საქართველოში შემოსული მოქალაქეებისთვის ჯერჯერობით კარანტინის რეჟიმი ისევ ძალაში რჩება. ამის შესახებ განცხადება დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში შემოსულ ყველა ადამიანს კვლავ მოუწევს ორკვირიანი კარანტინის გავლა, თუმცა შესაძლოა იყოს გარკვეული გამონაკლისებიც და ზოგიერთი მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდეს.
„ჯერჯერობით ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი რჩება. ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი რჩება ყველა შემოსული ადამიანისთვის. შესაძლებელია, იყოს გარკვეული გამონაკლისი თვითიზოლაციისა, როდესაც ვთქვათ არის ოჯახი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე შეფასებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ემორჩილება. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულების (მთლიანობაში 928 შემთხვევა) უკვე 86 პროცენტია გამოჯანმრთელებული (794), კლინიკებში კი 119 კოვიდინფიცირებული რჩება (მათგან მძიმედ ფასდება 5 პაციენტის მდგომარეობა).
„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია, ემორჩილება მართვას. დღეის მონაცემით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გვაქვს საკმაოდ კარგი, 86 პროცენტზე ავედით გამოჯანმრთელების მაჩვენებლის მიხედვით.
119 ადამიანი, კოვიდინფიცირებული რჩება კლინიკებში. სამწუხაროდ, გვაქვს 15 გარდაცვალება, რომელიც წარმოადგენს 1.6 პროცენტს, რაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გლობალურ მაჩვენებლებთან შედარებით, დაბალია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო დღეებში საქართველოში კორონავირუს SARS-CoV-2-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად ძალიან მცირეა – 2-3 შემთხვევა. გასულ 24 საათში 2 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა და კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ახალი ინფიცირებულების წყარო თითქმის ყველა შემთხვევაში ცნობილია. ამის მიუხედავად, ამირან გამყრელიძის თქმით, არ არსებობს თვითდამშვიდების საფუძველი და სიფრთხილე გვმართებს, რადგან ჩვენ გარშემო ყველა ქვეყანაში და მსოფლიოშიც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რთულია.