ასტროლოგი რამაზ გიგაური მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს ყველას სიფრთხილისკენ, რადგან ხვალიდან იწყება ის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული პერიოდი, რომელიც 2022 წელს იქნება. მისი თქმით უმჯობესია საქმეების დასაწყისი გადავდოთ 9 ნოემბრის შემდეგ, ხოლო კომპრომისზე წავიდეთ ოჯახისწევრებთან, რადგან ამ პერიოდში ყველაზე მეტად მოიმატებს ნევროზულობა და შფოთვა.
“ეს საკმაოდ დაძაბული პერიოდია, რადგან მიმდინარეობს „დაბნელებების დერეფანი“ (25 ოქტომბერი – 8 ნოემბერი). ამ დროს მოკლევადიან პროექტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები წინდახედულად და სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული, ხოლო გრძელვადიანი პროექტების დაწყება სასურველია 8 ნოემბრის შემდეგ მოხდეს.
ზემოთ ხსენებულ დაძაბულობას აძლიერებს ცის კაბადონზე ვენერა-სატურნი-ურანის ნეგატიური კონფიგურაცია „ტაუ-კვადრატი“, რომელიც მიუთითებს როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ფინანსურ სფეროში ძველისა და ახლის დაპირისპირებაზე, არსებული რეალობის გადახედვასა და მასში რაიმე ტიპის ცვლილებების შეტანაზე. ეს დაძაბულობა განსაკუთრებით საგრძნობი იქნება 5-9 ნოემბრის შუალედში, როდესაც პლანეტათა შორის ასპექტები ზუსტი გახდება.
ყოფით დონეზე მოიმატებს ნევროზულობა და არამყარობის განცდა, რაც მოსალოდნელია გახდეს გადამეტებული ეიფორიის განცდის და არასწორი წარმოდგენების შექმნის საფუძველი. ამიტომ სასურველია წარსულთან არასასურველი კავშირის გაწყვეტა ფრთხილად და ეტაპობრივად მოხდეს, ასევე ნელი, შედარებით „რბილი გადასვლა“ უნდა მოხდეს მომავალთან მიმართებაშიც.
ეს არასასურველია პერიოდია ფულის დაბანდებისთვის, მსხვილი შენაძენებისთვის ან სარისკო ფინანსური ოპერაციებისთვის. თუმცა სასიკეთო იქნება ადრე დაწყებული პროექტების დასრულება ან დასტაბილურება მაინც. იმ საქმეებში, რომლებიც „გაიწელა“ ან მათი განვითარება შენელდა, შესაძლებელი გახდება ცვლილებების შეტანა.
ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ურთიერთობები. გაზრდილი იქნება განხეთქილების ალბათობა და ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება პირად ცხოვრებაში. არ არის სასურველი დაპირისპირებები. მითუმეტეს, რომ მოიმატებს „სიტყვაზე გამოკიდების“, პროვოკაციებისა და სკანდალების ალბათობა. ურთიერთობებში კომპრომისზე წასვლა და ოპონენტების პოზიციის გათვალისწინება, ურთიერთობებს შედარებით ჰარმონიულად განავითარებს.
მთვარის დაბნელება (8 ნოემბერს) განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს მორიელის და კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე, ასევე დანარჩენ ფიქსირებულ ნიშნებზე – ლომებზე და მერწყულებზე.”