არქეოლოგიური გათხრების შედეგად რუსთავში, ციხესიმაგრის აღმოსავლეთი კედლის ნიშებში არქეოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს.
რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ნაზი პაჭიკაშვილის განცხადებით, გათხრების შედეგად აღმოჩენილია შუა ბრინჯაოს ხანის ძვ.წ.აღ. მე-18-17 საუკუნის ქვაყრილიანი ორმოსამარხი და გვიანბრინჯაოს ხანის ძვ.წ.აღ. მე-10-9 საუკუნის ნაგებობები. პაჭიკაშვილის თქმით, ძვ.წ.აღ. მე-18-17 საუკუნის ქვაყრილიანი ორმოსამარხი ყველაზე ძველი აღმოჩენაა, რაც რუსთავში გათხრების დროს აღმოუჩენიათ.
“სავარაუდოდ არის კრემაცია, რადგან მარტო ხარის თავები, ხბოს ნაშთები, სააღაპე მასალები, ჭურჭელი და რამდენიმე ნივთია ნაპოვნი. თვითონ ჩონჩხი დადასტურებული არ არის, ვფიქრობთ რომ კრემაციაა და რომელიმე ქოთანშია ჩატანებული ფერფლი”,- განაცხადა ნაზი პაჭიკაშვილმა.
უშუალოდ შენობები, ისტორიკოსებისა და არქეოლოგების აზრით, საცხოვრებელი და სამლოცველო ნაგებობებია.
წყარო: ინფო რუსთავი