სომალის დედაქალაქ მოგადიშოში განათლების სამინისტროს შენობასთან 2 მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 300 კი დაშავდა.
სომალის პრეზიდენტის ჰასან შეიხ მოჰამუდის ცნობით, თავდასხმა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ისლამურმა ჯგუფმა, ალ-შაბაბმა განახორციელა. პრეზიდენტის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
სამინისტრო მდებარეობს ქუჩაზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გარე ვაჭრობა, რის გამოც ეს ხალხმრავალი ადგილია.
„ჩვენი ხალხი ამოხოცეს… მათ შორის დედები მკლავებში შვილებით, მამები ვისაც სამედიცინო დაავადებები ჰქონდათ, სტუდენტები, ვინც სასწავლად გაუშვეს, ბიზნესმენები ვინც ოჯახების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ“ – განაცხადა სომალის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს სომალიში სამედიცინო დახმარების და ექიმების გაგზავნა სთხოვა.
„ვთხოვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მუსლიმებს მთელი მსოფლიოს გარშემო რომ გამოგვიგზავნონ თავისი სამედიცინო ექიმები, ვინაიდან ჩვენ ყველა დაშავებულის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას ვერ შევძლებთ“ – განაცხადა მოჰამუდმა.
აფრიკული ერთობის კომისიის ხელმძღვანელმა, მოუსა ფაკი მაჰამატმა თავდასხმა დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა „გააორმაგონ ძალისხმევა, რათა უზრუნველყონ მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერა სომალის ინსტიტუციებისადმი ტერორისტული ჯგუფების დამარცხებისკენ მიმართულ ბრძოლაში“.
პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა, მეორე კი მაშინ, როცა შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების მანქანები და მოქალაქეები დაშავებულების დასახმარებლად იყვნენ მობილიზებულები.