სოციალური ქსელის “ფეისბუქის” მომხმარებელი მარიამ ფახურიძე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
“საფარი/Sapari
დღეს ჩემთვის აქ, ამ ლეპტოპთან ჯდომა და ამ ამბის მოყოლა ურთულესია. მეტიც, ამაზე მძიმე რამ ცხოვრებაში არ გამიკეთებია. უკეთესი იქნებოდა უფრო ადრეც გადამედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ არაუშავს. შეიძლება, ახლა უფრო დროულიც იყოს, ვიდრე – აქამდე.
ჩემი ცხოვრება 2020 წლის 26 აპრილს თავდაყირა დადგა. ამ დღეს სპონტანურად (რადგანაც იმ მომენტში მეტი ტკივილის ატანა აღარ შემეძლო), ფიზიკური ძალადობის პროცესში ძლივს მივწვდი ტელეფონს და 112-ში დავრეკე. ჩემთვის საკუთარ სახლში ცხოვრება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში იყო. მამა ბავშვობიდან ძალიან მძიმედ მისწორდებოდა ფიზიკურად (ხელით, ჯოხით, ქამრით და ნებისმიერი ნივთით, რომელიც ხელში მოხვდებოდა). პირველად ეს ხუთი, ხოლო უკანასკნელად ოცი წლის ასაკში მოხდა. მაშინ, როდესაც გადავწყვიტე რომ ეს ასე აღარ უნდა გაგრძელებულიყო და საკუთარი მამის წინააღმდეგ საჩივარი დავწერე.
მამის ყოფილმა სამსახურმა (პოლიცია) და რეპუტაციამ მთელი ოჯახი, ნათესავები და პოლიციის თანამშრომლებიც კი ჩემს წინააღმდეგ განაწყო. მახსოვს, როდესაც საპატრულო ეკიპაჟი ფაქტზე მოვიდა, ერთი მაგიდის გარშემო ვისხედით მამა, პოლიციელი და დალურჯებული, სახეზე ხუთთითდატყობილი, თმააჩეჩილი და თავზეკოპიანი მე. ამ დროს კი პოლიციელმა მითხრა:
„მამა-შვილურად გეუბნები, მეც შენი ასაკის გოგო მყავს… რამე რომ არ მომეწონოს, მეცხრეზე ვცხოვრობ და მეცხრედანვე გადავაფრენ.“
ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ამ სამყაროში მოძალადე და პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მამის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდებოდი.
ასეც მოხდა. პანდემიის პერიოდში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში აღმოვჩნდი, ერთადერთ შემოსავალს კი მეგობრის დახმარებით მოპოვებული 6-თვიანი სოციალური დახმარება წარმოადგენდა, ყოველთვე 200 ლარი.
შემდეგ იყო გაჭირვება, უსახლკარობა, შიმშილი, მეგობრიდან მეგობართან სიარული ღამის გასათევად, შუა პანდემიაში სამსახურის შოვნის უშედეგო მცდელობები. ბოლოს, დროებით ბებიასთან დავსახლდი.
ბებიასთან თანაცხოვრებამ ჩემს ცხოვრებაში უკან დააბრუნა ჩემი მოძალადე ოჯახი. იყო დედის მობოდიშება და ურთიერთობის გამოსწორების მცდელობები. და მეც, პატარა ბავშვივით სულელი, ვენდე დედის სიტყვებს და მივიღე უკან. დავივიწყე მისი ყველა ქცევა (მამასთან ჩემი ურთიერთობის ხელოვნური გაფუჭება, რათა ოჯახში მისი სიტყვის უპირატესობა დაემტკიცებინა, მწარე ცემა და, რაც ყველაზე მთავარია, ჩემი თითქმის ძალდატანებითი მკურნალობა ფსიქიატრთან, რათა ყველასთვის დაემტკიცებინა ჩემი ფსიქიკურად ავად ყოფნა და გაემართლებინა საკუთარი ცრუ ჩვენება – „ფსიქიკური პრობლემები აქვს, საკუთარ თავს იზიანებს და მამამისს აბრალებს“).
დროთა განმავლობაში მე და დედას შორის ისევ წარმოიშვა კონფლიქტი. იყო დამცირება, შეურაცხყოფა და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობა. ამიტომაც, რამდენიმე თვის წინ, საბოლოოდ დავიწყე მასთან ურთიერთობის შეწყვეტა. მიუხედავად ამისა, მისგან დღემდე ისტერიულად შემოდის მისი თუ ოჯახის სხვა წევრების ნომრებიდან ზარები.
მისი ზარებისა და ჩემი დამცირების გახშირებამ ისევ გამიცოცხლა ძალადობის მძიმე მოგონებები. ძალადობა კი, რეალურად, არ დასრულებულა. ძალადობა იარსებებს მანამ, სანამ მოძალადე საკადრისად არ დაისჯება. მანამ, სანამ მოძალადე დარწმუნებულია, რომ მისი ძალადობა გამართლებული, დაუსჯელი და შერჩენილია.
ბოლო პერიოდია უძილობა, სტრესი და მძიმე პანიკური შემოტევები არ მასვენებს. თვალების დახუჭვისთანავე თვალწინ მიდგება მამა, რომელიც კარს საცემრად მომზადებული ქამრით მინგრევს და იატაკზე თმით მათრევს. მახსენდება ჩემი თავი ხუთი წლის ასაკში, როდესაც სამზარეულოს სკამის ქვეშ შეყუჟულს იატაკის საწმენდი ჯოხით მალურჯებდა.
მართალია, საპატრულომ ორი წლის წინ საქმეში ჩემი მხრიდან ჩართული ყველა იურისტის მოშორება, მამის დაუსჯელობა, ჩემი საქმიდან „მოტეხვა“ და კიდევ მორიგი მოძალადე მამაკაცის გარეთ თავისუფლად სიარული მოახერხა, მაგრამ იმედი კიდევ არის. არცერთი ადამიანი, ვინც შვილის სიცოცხლე სანაგვეზე მოისროლა, სახლიდან ქუჩაში მშიერი გააგდო (მანამდეც რამდენჯერმე შუაღამით, ზამთარშიც კი, გავუგდივარ სახლიდან), სასიკვდილო მდგომარეობაში არაერთხელ ჩააგდო და ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმედ მოუსპო არ იმსახურებს სუფთა ჰაერის სუნთქვას. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა დაინახოს, რომ ცხოვრება არ არის ისე მოწყობილი, როგორც მათ წარმოდგენებში და რომ მათი ძალადობა ნორმა არ არის.
უახლოეს დღეებში საქალაქო სასამართლოში მივდივარ, რათა თაროზე შემოდებული პროცესი დაჩქარდეს. თუ ვინმე იურისტი ჩემს სტატუსს კითხულობთ, გთხოვთ, დამეხმარეთ, რათა არ „მომტეხონ“ საქმიდან ისევ, რომ მათი მოძალადე ყოფილი კოლეგა გადაარჩინონ და ადამიანის ცხოვრების განადგურება შეარჩინონ.” – წერს მარიამი