მთავარია, ხალხი დგას და ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, რომ „ისტერიული რეპრესიების“ მიუხედავად, ხალხი მაინც აქციაზე დგას.
„განვლილმა ერთმა წელმა მოგვცა მთავარი, რომ ჩვენ ჩვენი თავის გვჯერა, ვიცით, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ეს ხალხი ერთი წლის მერე ამ რაოდენობით გამოდის, იმის მიუხედავად თუ რა ისტერიული რეპრესიები ჩატარდა, მაინც დგას, მაინც გამოდის, მაინც არის ლაღი და იმედიანად მომავლისკენ მიმართული. ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, არ არსებობს გეგმა, რადგან არავის გამოუგონებია როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთდროულად.
„გეგმებზე მე არასოდეს არ ვლაპარაკობ. არ არსებობს, არავის გამოუგონია გეგმა, როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთდროულად. ეს დამარცხებაც მოვა, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არავინ არ იცის, როგორ, არავინ არ იცის როდის, მაგრამ ყველა ვგრძნობთ, რომ დამოკიდებულია სწორედ ამ განწყობაზე, ამ შემართებაზე და ამ უზარმაზარ ძალაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღევანდელ აქციას, რომელიც საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებს შეუერთდებიან პროფესორ-მასწავლებლები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
დღევანდელი საპროტესტო აქცია-მსვლელობა უკავშირდება 1 წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები. ასევე, აქტივისტები და მოქალაქეები.
