ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის საქმესთან დაკავშირებით სუს-ისგან ინფორმაცია “თავის დროზე არ ჰქონია”. კობახიძე ამბობს, რომ ამის მიზეზებით დაინტერესდება.
“სუს-ის ჩართულობასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ მქონდა. ეს პირველად მაშინ გავიგე, როცა თვითონ აუდიოჩანაწერი მოვისმინე. როგორც კი ფაქტი იქნება, რეაგირება მაშინვე გვექნება. როგორც კი კონკრეტული ფაქტის შესახებ გავიგეთ, რეაგირება მაშინვე იყო […]
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თავის დროზე, სუს-ისგან ეს ინფორმაცია არ მქონია, არ მიმიღია. ასე რატომ მოხდა, ამითიც დავინტერესდები. როცა საქმე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ეხება, უმჯობესია, ეს ინფორმაცია რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს ატანილი. თუმცა, ასე არ მოხდა, ამ საკითხით დავინტერესდები”. – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიებით, ნანა ყეინიშვილის შეთავაზება კრიპტოკომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა სუს-თან შეთანხმებით ფარულად ჩაიწერეს, შემდეგ კი, ჩანაწერი 2024 წელს უწყებას გადასცეს.
კობახიძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ ჩანაწერში ნანა ყეინიშვილი ბიძინა ივანიშვილს ახსენებს, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ყეინიშვილს და ივანიშვილს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
“მე ეს ნაწილი არ მომისმენია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ნანა ყეინიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არავითარი კავშირი, მათ შორის, კომუნიკაციაც არ არსებობს”. – თქვა კობახიძემ.
რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, ნანა ყეინიშვილს, მის კომპანიებს და თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ წილების ოჯახის წევრებზე ცვლილებებზე ეროვნული ბანკის თანხმობებს ეხება. რადიო თავისუფლების ცნობით, ეროვნულმა ბანკმა და მთავარმა პროკურატურამ მხოლოდ მათი კითხვების შემდეგ გამოაქვეყნეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, დაწყებულია გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ნანა ყეინიშვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
ჟურნალისტურ გამოძიებას თან ერთვის აუდიოჩანაწერი, რომელიც რადიო თავისუფლების ცნობით, ნანა ყეინიშვილისა და კრიპტოკომპანიის დამფუძნებელს შორის საუბარს ასახავს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ნანა ყეინიშვილის შეთავაზება კრიპტოკომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა სუს-თან შეთანხმებით ფარულად ჩაიწერეს, შემდეგ კი, ჩანაწერი უწყებას გადასცეს. ისინი ყეინიშვილის შეთავაზებას არ დათანხმდნენ და წილი არ დათმეს, თუმცა, 2 წლის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა კომპანია ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით დააჯარიმა, მათ ქვეყანა დატოვეს, ყეინიშვილი კი, ამ ორი წლის განმავლობაში კვლავ თანამდებობაზე იყო – ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ის, ოჯახთან ერთად ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ ხუთ კომპანიას აკონტროლებს. სებ-ის მმართველ საბჭოს წევრი ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობას მხოლოდ 9 ოქტომბერს, დროებით, გამოძიების დასრულებამდე ჩამოაშორეს.
გამოქვეყნებულ მონაკვეთებში ისმის, რომ ნანა ყეინიშვილი კრიპტოკომპანიის მფლობელებს ბიზნესის წილს სთხოვს, კერძოდ, ახალი კომპანიის შექმნას.
“51% რო თქვენა გქონდეთ და 49% ჩვენა?” – რას ამბობს ყეინიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერში
პროკურატურამ სებ-ის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს “ბიტექსჩეინჯის” ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2023 წლის სექტემბერში აირჩიეს. ის 2012-2016 წლებში ქართული ოცნების დეპუტატი იყო და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.
