დამსაქმებლებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ საგანგებო მდგომარეობის გამო მუშაობა გაეჩერებინათ, საშუალება აქვთ შემოსავლების სამსახურში ინფორმაციები გადააგზავნონ იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც უხელფასოდ დარჩნენ და მთავრობისგან დაპირებული კომპენსაცია თვეში 200 ლარი ეკუთვნით.
ინფორმაციის გადასაგზავნად დამსაქმებელი შემოსავლების სამსახურის ვებპორტალიდან rs.ge შედის თავის [გადამხდელის] გვერდზე, შემდეგ გადადის „განცხადებებში“, აქედან შედის გრაფაში – „ახალი განცხადების რეგისტრაცია“ და ძებნის გრაფაში უთითებს „ინფორმაცია დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება(COVID-19)“, ან მხოლოდ ერთ-ერთ რომელიმე სიტყვას: „კომპენსაციის“ ან „COVID“ და გაიხსნება ფანჯარა:
აქ დასაქმებულთა მონაცემების შევსება შესაძლებელია 2 გზით [რომელიც უფრო ადვილია დამსაქმებლისთვის]:
პირველი: ან პირდაპირ ავსებთ აღნიშნულ ფანჯარაში მონაცემებს და აგზავნით, ან
მეორე: ჩამოტვირთავთ Excel-ის ფაილს [ზემოთა გრაფა – „დანართის ატვირთვა xls ფორმატში (Excel 2003)“]:
ავსებთ ამ Excel-ის ცხრილს და შემდეგ აგზავნით ისევ გადამხდელის გვერდიდან.
გაითვალისწინეთ, რომ გრაფას – „ანაზღაურებული სადაზღვევო პრემია“ – ავსებს მხოლოდ ის დამსაქმებელი, ვინც დაზღვევის თანხას უხდიდა დასაქმებულს [ასეთ შემთხვევაში, გრაფაში „სადაზღვევო პრემია“ კონკრეტულად უნდა მიუთითოთ სსკ-ის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა – დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ან საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა].
მონაცემების გაგზავნის ფუნქცია ამ დროისთვის [11 მაისის 17:30 სთ.] ჯერ გააქტიურებული არ არის. თუმცა, 15 მაისამდე აუცილებლად გააქტიურდება.
დასაქმებულმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 4 მაისს შევიდა ძალაში. შესაბამისად, კომპენსაციის გაცემაც იწყება მაისის თვიდან.
ანუ, დასაქმებული, რომელიც კორონავირუსის გამო უხელფასოდ დარჩა აპრილის თვეში, ის მაისის თვის ბოლომდე მიიღებს აპრილის თვის კომპენსაციას – 200 ლარს. თუ იმავე მიზეზით მარტის თვეშიც არ მიუღია ხელფასი, ის მარტის თვის კომპენსაციას ვერ მიიღებს.
პროგრამის მიხედვით, კომპენსაცია უხელფასოდ დარჩენილ დასაქმებულებზე გაიცემა 6 თვის განმავლობაში, თუმცა, გასათავლისწინებელია ასევე, რომ, თუ მაისის თვეში დასაქმებული აიღებს ხელფასს, ის მაისის კომპენსაციას ივნისში ვეღარ მიიღებს; თუ ივნისში აიღებს ხელფასს, მაშინ ივნისის კომპენსაციას ვეღარ მიიღებს ივლისში და ა.შ. ანუ, პროგრამის მიხედვით, „იმ შემთხვევაში, თუ საკომპენსაციო სიაში არსებულ პირზე დაფიქსირდა ხელფასის გაცემა, შეწყდება მასზე კომპენსაციის გაცემა“.
აღნიშნულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა შემდეგი პირობებით:
დამქირავებელი, ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ამ პირობებს. ინფორმაციაში აღინიშნება:
დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი); დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);
ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge/;
სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და შესაბამისი ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20 რიცხვისა;
დამქირავებელი უფლებამოსილია, განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით;
დაკორექტირებულ ნუსხას შემოსავლების სამსახური 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს;
კომპენსაციას დასაქმების სააგენტო გასცემს საბანკო დაწესებულების მეშვეობით, დანართში მითითებული პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა.