ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს.
„ყველამ იცის როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი, ის სპორტზე მეტია – ჩვენი გულის ნაწილია, მთელი ერის გაერთიანება შეუძლია, ხოლო ფეხბურთით გახარებული საქართველო სიყვარულს აფრქვევს და თითოეული ჩვენგანი ერთმანეთს ეფერება.
ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა რომ მეთქვა შენთვის: კვარა, შენ დაუბრუნე საქართველოს ფეხბურთით გამოწვეული ემოციები, სიხარული და აღტაცება!
შენ დააბრუნე ბავშვები საფეხბურთო სკოლებში და გახდი მათთვის სანიმუშო მაგალითი!
გვეამაყება რომ ხარ ქართველი!
მთელმა მსოფლიომ გაიგო ვისი გორისა ხარ!
შენ საქართველოს განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი ხარ მთელს სამყაროში!
შენი ნიჭით, დაუღალავი შრომით, თავდადებით, თავმდაბლობით და რაღა თქმა უნდა ულამაზესი გოლებით აღტაცებაში მოიყვანე სტადიონები და ასეულობით მილიონი გულშემატკივარი ეკრანებთან!
შენ დიდი მატჩების და გადამწყვეტი გოლების კაცი ხარ, რაც ნიშნავს, რომ ხარ გამარჯვებულის მენტალიტეტის მატარებელი, რაც დიდ სპორტში მხოლოდ ჩემპიონების ხვედრია!
მჯერა, რომ ეს მენტალიტეტი და მტკიცე ხასიათი ამ დაბრკოლებასაც ვაჟკაცურად დაგაძლევინებს და დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!
მთელი საქართველო შენს გვერდითაა ხვიჩა“, – წერს ნონა გაფრინდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.
მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
