ყიფშიძეების ოჯახი სხვადასხვა მიზეზით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ახლახან, ლენუკა ყიფშიძემ „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, მანამდე, საზოგადოების განხილვის საგანი მისი ძმის, გიორგი ყიფშიძის პირადი ცხოვრება გახდა…
არც გიორგის შვილი, ნატალია რჩება ყურადღების მიღმა – ტაბლოიდები მისი პირადი ცხოვრების შესახებ მომზადებული სტატიებითაც აჭრელებულა. ალბათ, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ისიც მამა-პაპის კვალს გაჰყვებოდა და მსახიობად მოგვევლინებოდა, ან დედის, ქრისტი ყიფშიძის მსგავსად, მოდელი გახდებოდა, თუმცა, ამბობს, რომ კამერის მიღმა მუშაობა უფრო ხიბლავს და ცხოვრებაში სრულიად სხვა ინტერესები აქვს.
21 წლის სტუდენტს დიდი მიზნები აქვს, ამ ყველაფერზე კი „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. ცხადია, დავინტერესდით მისი პირადი ცხოვრებითაც და არამარტო…
ნატალია ყიფშიძე: ჩემი ყოველდღიურობა ერთნაირია. ბოლო კურსზე ვარ „ჯიპაში“, ციფრული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ვსწავლობ, წელს ვამთავრებ. პარალელურად, ვებ დიზაინის კურსებს გავდივარ. გადავწყვიტე, რომ მუშაობა ამ კუთხით გავაგრძელო. მინდა ეს პროფესია ჩემს ცხოვრებას დავუკავშირო, ფინანსური დამოუკიდებლობა მოვიპოვო და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1 წელი უცხოეთში ვიმოგზაურო. შემდეგ მინდა, რომ ბაკალავრი ხელახლა ავიღო და სარეჟისოროზე, უცხოეთში ჩავაბარო.
მსახიობობა არ მინდა… ამას 2 წლის წინ მივხვდი, როდესაც ჩემი მეგობრის მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაზე ვმუშაობდი, მათ ვეხმარებოდი. მაშინ მივხვდი, რომ კამერის უკან ყოფნა ჩემთვის უფრო საინტერესოა, რადგან ვწერ, მინდა, რომ მომავალში სცენარისტი და რეჟისორი ვიყო. ჩემს ფილმში მამას და ბაბუას დიდი სიამოვნებით ვათამაშებდი.
სამოდელო კარიერაც არ ყოფილა პრიორიტეტული, ეს ჩემი ინტერესის სფერო არ არის. ძალიან მიყვარს, როცა ჩემს კრეატივს, სულს ვდებ ფილმში, წიგნში, რაიმეში, რაც ჩემს სულს უფრო კარგად გამოაჩენს. მიყვარს, როცა რაიმეში სიყვარულს ვდებ. რეალურად, სამოდელო სფერო არასდროს ყოფილა ჩემთვის მომხიბვლელი. სამოდელო კარიერა დედაჩემის სამუშაო სფეროა, ძალიან ვამაყობ მისით, რადგან საკუთარი თავი იქ იპოვა და თან ძალიან წარმატებულია.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში, გყავთ რჩეული?
– პირადში არაფერი ხდება, მარტო ვარ. ეს სიმარტოვე ჩემი გადაწყვეტილებაა… მივხვდი, რომ 21 წლის ასაკში ჩემი თავის შეყვარებული ვიყო. რა თქმა უნდა, აქამდე ყოფილა სერიოზული ურთიერთობები და იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ახლა საჭირო არ არის. რაც ჩემს თავს დროის დათმობა დავუწყე, ყველაფერი კარგად წავიდა. სანამ არ ჩამოვყალიბდები ბოლომდე როგორც პიროვნება, იქამდე საჭირო არ არის ურთიერთობა.
ჩემთვის პრიორიტეტი სწავლა და კარიერაა. შეიძლება ცოტა ეგოისტური იყოს ეს ფაქტი, მაგრამ ერთხელ ვარ 21 წლის და მგონია, ეს 20-იანების დასაწყისი მაქსიმალურად, ჩემი თავის რეალიზებაში უნდა გამოვიყენო.
წყარო: “პრაიმ ტაიმი”