მოდის ჟურნალი Vogue გავლენიან ქართველ დიზაინერთან, დემნა გვასალიასთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს. გვასალიამ ინტერვიუს დროს გაიხსენა, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები მოდის სფეროში და დამწყებ დიზაინერებს რჩევებიც მისცა.
“თითქმის 20 წლის წინ, ტრიესტეში, კონკურსზე რამდენიმე ლუქიანი, მცირე კოლექცია წარვადგინე. მიღებული საპრიზო თანხა ჩემი მომავალი კოლექციის დაფინანსებაში დამეხმარა. მაშინ ძალიან მიჭირდა და ეს რომ არა, არც კი ვიცი, როგორ მოვახერხებდი ანტვერპში სწავლის გაგრძელებას. მოდის შესწავლა რომ დავიწყე, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრიესტეში პოზიტიური რეაქციებით შემხვდნენ, საკუთარ ძალებში დავრწმუნდი – დავიჯერე, რომ როდესაც რაღაცას ქმნი, შესაძლოა, ეს ვინმეს ნამდვილად მოეწონოს.
ვფიქრობ, ახალგაზრდა შემოქმედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ ისწავლოს, თუ როგორ ჩამოიყალიბოს ინდივიდუალური ხედვა და არ იფიქროს იმაზე, როგორ ასიამოვნოს მასწავლებელს შემდეგი საფეხურის გასავლელად”, – ამბობს გვასალია.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოდის ინდუსტრიაში უკვე დიდი გავლენით სარგებლობს, ქართველი დიზაინერის თქმით, ირგვლივ ყველას ეკითხება აზრს.
“მე პირადად ბევრ ადამიანს ვუცვლი იდეებს, აზრს ვეკითხები ჩემს სტაჟიორებს, ასისტენტებს, ადამიანებს, რომელთან ერთადაც ვცხოვრობ, მზარეულსაც კი. მინდა, გავიგო, ვინაა იმის პოტენციური მომხმარებელი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ”, – ამბობს დემნა.