სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ბრალდებულ ესკორტის ოფიცერ ვალერი გოზალიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესზე ბრალდების მხარე გოზალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მის 5 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
პროკურორის თქმით, გოზალიშვილმა არ შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, რამაც საკმაოდ მძიმე შედეგი გამოიწვია.
“გულწრფელად ვნანობ იმას, რაც მოხდა, როდესაც ვიცვლებოდით, ვერ წარმოვიდგენდი და ვერანაირად შევამჩნიე გურამ სვანიძე , – ამის შესახებ ესკორტის ოფიცერმა ვალერი გოზალიშვილმა განაცხადა, რომელსაც პატიმარმა ე.წ. კაბურიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა.
გოზალიშვილის განმარტებით, შემთხვევის ადგილას ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “პატიმარს ზურგით არ დაუდგებოდა და თავს საფრთხეში არ ჩაიგდებდა”.
“როდესაც ახალი ცვლა შემოდიოდა, ბევრი ადამიანი იყო, თორემ იარაღით პატიმართან ახლოს არასდროს მივიდოდი, არათუ ზურგით დავუდგებოდი და თავს ან სამსახურს საფრთხეში ჩავაგდებდი”, – აღნიშნა ვალერი გოზალიშვილმა.
ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 20 აგვისტოს, თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებული,სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი ვ.გ. წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი – საშტატო იარაღით. გარდა აღნიშნულისა, მან იქვე დერეფანში მყოფ პატიმარს არ მიუთითა, შესულიყო მისი განთავსების პალატაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა აღნიშნული სივრცე. ბრალდებულმა, ასევე არ განახორციელა ვიზუალური კონტროლი პატიმრის მიმართ, რომელიც მიეპარა მას და საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც სამი გასროლა განახორციელა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ჭრილობა და კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.