ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, ანდრო ჭიჭინაძე 4 დეკემბერს, დილის საათებში, გლდანის ციხეს დატოვებს. ადვოკატი მასთან ციხეში გამართულ ბოლო შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამაყობს მისი დაცვის პროცესით და ბრძოლას მანამ გააგრძელებს, სანამ სასამართლო ანდროს წინააღმდეგ წარმოებული საქმის უკანონობასა და აბსურდულობას არ დაადგენს.
“დღეს ციხეში ბოლოჯერ შევხვდი ანდრო ჭიჭინაძეს.
ალბათ, განვლილ პერიოდზე საუბარს ვერასდროს ამოვწურავთ.
ყოველი დღე ერთნაირად რთული და მნიშვნელოვანი იყო.
ანდრო 4 დეკემბერს, დილის საათებში, დატოვებს გლდანის ციხეს.
ამაყი, იმაზე ძლიერი და მტკიცე, ვიდრე 2024 წლის დეკემბერში იყო.
ადამიანი, რომელიც როგორც ციხეში, ისე მის გარეთ, ყველას პატივისცემას იმსახურებს.
ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა ეს.
ბევრი გეგმა აქვს ციხიდან გამოსულზე.
კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს და თავის ქვეყანას მსოფლიოს გააცნობს.
აუცილებლად განახორციელებს თავის დიდ პროექტს („Seven Summits: A Journey of Transformation“), რომელზეც ციხეშიც არ შეუწყვეტია მუშაობა.
მე კი კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – ვამაყობ, რომ ანდრო ჭიჭინაძის ინტერესებს ვიცავდი.
მართალი და ღირსეული ადამიანის ინტერესებს.
მის ინტერესებს ისე ვიცავდი, როგორც საკუთარს, და ყოველდღე ვფიქრობდი, რომ მის ადგილას შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი ჩვენგანი, მათ შორის მეც.
მისი ინტერესების დაცვას გავაგრძელებ მანამ, ვიდრე ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო არ დაადგენს მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის აბსურდულობასა და ანდროს პატიმრობის უკანონობას“— წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში
