“ხალხი ღლიცინებს – ქმარმა ცოლი როგორ უნდა გააუპატიუროსო, როგორ და ჩვეულებრივად: როდესაც ქმარს ფეხებზე ჰკიდია უნდა თუ არა ცოლს სექსი და აიძულებს, არც ეკითხება და არც აინტერესებს ცოლის აზრი – ეს გაუპატიურებაა“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არც ერთი ცოლი ვალდებული არ არის იძულებითი სქესობრივი კავშირი ჰქონდეს ქმართან; არც “ცოლქმრული ვალდებულებები” არ არსებობს სექსთან მიმართებით.
„ყველა სქესობრივი კავშირი ნებისმიერ წყვილს შორის უნდა იყოს თანხმობით! როცა ერთ მხარეს არ უნდა და მეორე აიძულებს – ეს გაუპატიურებაა, გინდა ქმარი იყოს, გინდა შეყვარებული და გინდა უცნობი – ყველა შემთხვევაში გაუპატიურებაა.
სხვათაშორის, ქალებს უცნობი კაცები იშვიათად აუპატიურებენ. სტატისტიკურად ყველაზე ხშირად, ქალს მისთვის ნაცნობი და სანდო და ზოგჯერ ძვირფასი მეგობარი ან პარტნიორი აუპატიურებს.
გეყოთ ზღაპრებში და ილუზიებში ცხოვრება! გაუპატიურებას მანიაკები კი არა, ჩვეულებრივი კაცები ჩადიან, და თავს დამნაშავედაც კი არ მიიჩნევენ, რადგან პატრიარქატში გაუპატიურების კულტურა ყვავის, რომელიც ყოველთვის გაამართლებს კაცს და ყოველთვის დასცინებს ქალს.
სულ ერთი გახმაურებული ამბავი მახსენდება: 14 წლის გოგო გაიტაცა ბიჭმა და გააუპატიურა, “ცოლად უნდოდა”, რომ გეკითხა. გოგომ იჩივლა, ბიჭი ვერ დააკავეს. 17 წლის ასაკში იგივე ბიჭმა იგივე გოგო გაიტაცა, ალბათ ისევ გააუპატიურა, თუმცა ამჯერად გოგოს არ უჩივლია. როცა გამომძიებელმა ჰკითხა, რატო არ ჩივიო, იცით რა უპასუხა? მაშინ რომ ვიჩივლე, ბავშვი ვიყავი და ბევრი რამე არ მესმოდა, ახლა კი ვიცი, რომ თუ ქმარია, ეგ ვერ გაგაუპატიურებს, ეგ ჩვეულებრივი რამეაო…
პატარა გოგო კი არა, დღეს უამრავი ქალი საქართველოში ასევე ფიქრობს, რომ ქმრისგან გაუპატიურება არ არსებობს და რომ ეს უნდა ითმინოს ცოლმა.
არა, ქალებო, არავისგან არ უნდა მოითმინოთ გაუპატიურება, მითუმეტეს ქმრებისგან და საკუთარი შვილების მამებისაგან, რომლებმაც ერისა და ბერის წინაშე დაიფიცეს, რომ უყვარდით და პატივს გცემდნენ და იზრუნებდნენ თქვენზე ჭირსა თუ ლხინში. თუ ვინმეს არ ეპატიება ქალის გაუპატიურება, პირველ რიგში ქმარს არ ეპატიება!გაიგეთ, იცოდეთ და ასწავლეთ თქვენ შვილებს: გოგოებსაც და ბიჭებსაც – თანხმობის გარეშე სექსი გაუპატიურებაა!“
წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.