რუსეთთან მოლაპარაკებების პრაღიდან მინსკში გადატანაზე დათანხმება უხეში დიპლომატიური შეცდომაა. მიხაილ გალუზინი ძალიან გამოცდილი დიპლომატია, რომელსაც აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით ძალიან გამოკვეთილი პოზიციები აქვს – გიორგი ზურაბაშვილს რთული ფუნქცია დაეკისრა! – ასე ეხმაურება “ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი რუსეთ-საქართველოს დიალოგის ახალ ფორმატში, გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის მინსკში დანიშნულ შეხვედრას.
ჩეჩელაშვილმა განაცხადა ისიც, რომ მოლაპარაკებების მანდატი ცალმხრივად ვერ შეიცვლებოდა და საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ და სად გადაწყვიტა რუსეთთან დიალოგის ფორმატის შეცვლა.
“კარასინი-აბაშიძის შეხვედრებმა თავისი მანდატი ამოწურა. როგორც ირაკლი კობახიძემ გვამცნო, ამ შეხვედრების მანდატი გაფართოებულია და ის არა მხოლოდ ვაჭრობას, ტრანსპორტს და კულტურულ ურთიერთობებს ეხება, არამედ კონფლიქტების მოგვარებაზეც უნდა იყოს. ეს ცოტა გასაკვირია, რადგან ცალმხრივად მანდატის ცვლილება ვერ ხერხდება. შესაბამისად, ვიღაცამ სადღაც რუსებთან მოლაპარაკება აწარმოა, ამის თაობაზე კი ჩვენ არაფერი არ ვიცით.
გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ უნდა ჩატარდეს შეხვედრა მინსკში. შეხვედრები აქამდე პრაღაში ტარდებოდა, რომელიც ძალიან კომფორტული ქალაქია, ხოლო მინსკი არის ქალაქი, რომელიც ასოცირდება რუსეთთან. პრაქტიკულად, ბელარუსი დღეს რუსეთის გაგრძელებაა. იმაზე დათანხმება, რომ მოლაპარაკებები პრაღიდან მინსკში იყოს გადატანილი, არის შეცდომა.
გიორგი ზურაბაშვილს ძალიან რთული ფუნქცია დაეკისრა. მიხაილ გალუზინი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი. მას აქვს ძალიან გამოკვეთილი პოზიციები აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით – ამბობს, რომ არიან რუსეთის მოკავშირეები, მასზე რუსეთმა უნდა იზრუნოს და ასე შემდეგ.
გიორგი ზურაბაშვილისთვის ამ აღმართული ბარიერის გარღვევა ძალიან რთული იქნება. მე მას ამაში წარმატებას ვუსურვებ, ოღონდ მოლაპარაკებების მინსკში გადმოტანაზე დათანხმება უხეში დიპლომატიური შეცდომა იყო“, – აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.
