საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან გაჟღერებულ შეფასებებში ორმაგი სტანდარტის არსებობის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროპული ინსტიტუტების არაერთი კვლევა არსებობს, სადაც საქართველოს წინსვლა რამდენიმე მიმართულებით ფიქსირდება.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, სწორედ აქ ვლინდება ევრობიუროკრატების მხრიდან ორმაგი სტანდარტი. კერძოდ, საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს ვიდრე სხვა კანდიდატ ქვეყნებს, ხოლო ევროკომისიის ხელმძღვანელები დაჟინებით საუბრობენ ქვეყნის უკუსვლაზე და ისეთ ქვეყნებთან ჩამორჩენაზე, როგორიც უკრაინა და მოლდოვაა.
„ორმაგ სტანდარტზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო – პროგრამა „ჰორიზონტმა“ მართლმსაჯულების გამჭვირვალობის შესახებ კვლევა ჩაატარა. საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ევროკავშირის ქვეყნებს შორის, კანდიდატ ქვეყნებზე საერთოდ არ მაქვს საუბარი.
ამავდროულად, ევროკომისია დებს ქვეყნების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებზე დასკვნას, სადაც საქართველოს მაჩვენებელი 5,5-დან 7-მდე იზრდება, ხოლო მოლდოვის მაჩვენებელი 2-დან, ჩამოვიდა 0,9-ზე, უკრაინის კი 1,5-დან 0,8-ზე. ეს ციფრები სულაც არ მიხარია, უბრალოდ აქ ვსვამ კითხვას – როდესაც მარტა კოსი გამოდის და ჩვენ, როგორც სახელმწიფოს გვამუნათებს – თუკი ყველა კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშით მართლმსაჯულების, ეკონომიკის, სახელმწიფოს მართვისა და დემოკრატიზაციის მაჩვენებლით წინ ვართ, მაშინ როგორ ვართ მოლდოვასა და უკრაინის უკან? სწორედ ესაა პრობლემა“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
