17 წლის ბიჭს, რომელმაც საკუთარ მეგობართან ერთად 34 წლის დედა მოკლა პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა.
როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი აცხადებს, ბრალდებული ჩვენებაში ყვება, როგორ დაგეგმა მეგობართან ერთად დედის მკვლელობა.
როგორც მედიის წარმომადგენელი აცხადებს, მძიმე კონტენტის გამო ჩვენება არ გასაჯაროვდება.
ასევე, ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს:
“დანაშაული აღიარა, ჩადენის შემდეგ წავიდა თავის ოჯახის წევრებთან გარდაბნის რაიონში, საიდანაც გამოიცვალა ტანსაცმელი, მამას ბებიას და სხვა ნათესავებს მოუყვა მის მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ და ამის შემდეგ, თვითონ ბრალის აღიარებით გამოცხადდა”, – ამბობს ადვოკატი.
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
“გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.