მხარისგან მითითება იმის თაობაზე, ეს შეკითხვა რატომ დასვი, აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია, რომ ვინმემ სასამართლოს უთხრას, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე.
რევაზ ნადარაიას თქმით, ვერავინ შეზღუდავს სასამართლოს და წარუმატებელი იქნება ყველა ის მცდელობა, რომ მოსამართლეები რაღაც ჩარჩოში ჩასვან.
„ჩვენ შეიძლება დავსვათ შეკითხვები, მათ შორის, იმ მიზნით, რომ თუნდაც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაში გვეხმარებოდეს რაღაც შეკითხვა. აქედან გამომდინარე, მხარისგან მითითება იმის თაობაზე, ეს შეკითხვა რატომ დასვი, აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია, რომ ვინმემ სასამართლოს უთხრას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს შემდგომი კითხვა-პასუხების ეტაპზეც გაითვალისწინეთ, თუ ვინმეს რომელიმე შეკითხვა არ მოგწონთ, მიუღებელია, მიგაჩნიათ, რომ არ მიგესადაგებათ, შეგიძლიათ ბრძანოთ, რომ ეს შეკითხვა მე არ მომემართება და მე ამაზე პასუხს არ გავცემ. ესეც პასუხია სასამართლოსთვის. ვერავინ შეზღუდავს სასამართლოს და წარუმატებელი იქნება ყველა ის მცდელობა, რომ მოსამართლეები რაღაც ჩარჩოში ჩასვან. ჩვენ დავსვამთ ყველა შეკითხვას. შეკითხვები დასმული იყო და დაისმება იმ ფორმით, რომ ეს არ არის რაიმე აზრის გამოხატულება. ჩვენ რომ აქ რაიმე აზრი გამოგვეხატა, აცილება აცილებაზე იქნებოდა დაყენებული შუამდგომლობა. ჩვენ არ გამოვხატავთ აზრს. მაგრამ საკითხები რომ გვაინტერესებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე რაიმე კუთხით მიკერძოებულია.
კითხვები, რასაც ჩვენ ვსვამთ, გვაინტერესებს ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად და არა რომელიმე მხარის სასარგებლოდ. გაცემული პასუხები შესაძლოა იყოს თქვენს სასარგებლოდ, შეიძლება არ იყოს, ეს შემდგომში შეფასდება. ჩვენ ამოვდივართ სარჩელიდან, იმ გარემოებებიდან, რა გარემოებებსაც თქვენ გედავებიან, იმ ფაქტებიდან, რა ფაქტებსაც თქვენ გედავებიან და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს შეკითხვა დავსვათ. თუ ვინმეს შეკითხვა არ მოსწონს, შეკითხვა ცუდი აღმოჩნდა და ა.შ. ეს უკვე სასამართლოს პრობლემა ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ უნდა დასვას შეკითხვა. მხარე როგორ აღიქვამს ამას აღქმების დონეზე, ეს უკვე მხარის გადასაწყვეტია. მთავარია, სასამართლო მისი შინაგანი რწმენით და მიდგომით არის ობიექტური“, – აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
