ორი დღის წინ, ქობულეთში, 21 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მკვლელობას წინ მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კამათი უძღოდა. კონფლიქტი კლუბ “ჰავანაში“ დაიწყო, რომელიც მოგვიანებით მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. ურთიერთშელაპარაკების მიზეზი გახდა ის, რომ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მოკლულის მობილური ტელეფონის მითვისებას ცდილობდა.
მკვლელობაში ბრალდებულ ლექსო ინდუაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მოსამართლის ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება. დაკავებულს გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, “13 აგვისტოს, ქ. ქობულეთში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა რ. ლ.-ს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 21 წლის ბიჭი მოკლეს.
გარდაცვლილი რევაზ ლომსაძე, ხაშურიდან ქობულეთში დასასვენებლად იმყოფებოდა, ხოლო ბრალდებული გორის მკვიდრია.
რეზის მასწავლებელი ქეთევან გოგოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსწავლის გარდაცვალებამ სიკვდილი გაუადვილა…
“რეზი, ჩვენო ღიმილის ბიჭო, მახსენდება შენი სკოლის პირველი დღე, როგორც კი შემოხვედი საკლასი ოთახში, წამოხვედი და ჩემი შვილის გვერდით დაიკავე ადგილი.
იმ დღის მერე მისი მერხის განუყოფელ მეგობრად იქეცი. სულ ეგნატეს გვერდით გხედავდი დასვენებაზე დერეფანსა და ფოტოსურათებშიც. მადლობა, რომ ჩემს შვილს შენთან ურთიერთობამ ასწავლა თავმდაბლობა, სიკეთე და კაცთმოყვარეობა.
მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი ცხოვრების მანძილზე, ბოლო ზარზეც ხომ ასეთი ლოცვა გაგატანათ თითოეულ თქვენგანს დამრიგებლის გულმა. ვინ იცის,როგორი გეგმები გქონდა, რამდენი განუხორციელებელი ოცნება დაგრჩა, ჩემო 20 წლის უკეთილშობილესო ბიჭო.
მშვიდობით რეზი! შენმა ამ ქვეყნიდან წასვლამ, შენს მასწავლებელს სიკვდილი გაუადვილა. ოდესმე შევხვდებით და მე ისევ გეტყვი მადლობას შენთან გატარებული თითოეული წუთისთვის! უფალო დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი!”