ბრალი დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე – იურისტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საკმარისი არ არის ის პასუხისმგებლობა, რაც აღნიშნულ საქმეზე დადგა.
დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ საქმე ბევრად უფრო კომპლექსურ დანაშაულთან გვაქვს, რომელშიც მთელი სისტემა იყო ჩართული, ამიტომაც მისი თქმით, მხოლოდ გიორგი პატარიძის და გლდანის ციხის დირექტორის მიმართ დევნის დაწყება საკმარისი არ არის.
პოლიტიკოსის განცხადებით, აუცილებელია, რომ გამოძიება იმ პირებზე გავიდეს, ვისი დავალებითაც დავით ფექირიშვილს ციხის საკანში 4 დღის განმავლობაში ცემდნენ.
“ვხედავთ ძალიან ლიმიტირებულ პასუხისმგებლობას. მე ვიტყოდი, რომ მოსამართლესაც პროკურორს, შსს-ს იმ წარმომადგენელს, რომელმაც ეს საქმე წამოიწყო, ასევე იუსტიციის მინისტრი, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი და ზუსტად უნდა მოვიკვლიოთ ის, თუ ვის დავალებას ასრულებდნენ და ვისი დავალებით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. რაც არ უნდა მაღალი თანამდებობის პირზე იყოს საუბარი, თუ არ ვცდები პენიტენციური სამსახურის ყოფილ უფროსზეა საუბარი და მის პასუხისგებაზე, ეს მაინც დაბალი ღობეა, რადგან ის ვერ გადაწყვეტდა, სასამართლოს რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, პროკურატურას რა ბრალი წარედგინა და შსს-ს რაზე დაეკავებინა ეს ადამიანი. ანუ ეს ყვეალფერი კომპლექსურად არის და ეს ყველაფერი ჩანს ამ საქმეზე”, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები – ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის – რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის – „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.
როგორც უწყება ამბობს, იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე. განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
