ევროკავშირი თავის თავში გულისხმობს სწორედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ერთობას, მათ ინტერესთა კონსენსუსზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს აღარ არის ბრიუსელის ცენტრალიზებული მმართველობის ინტერესებში, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის მიერ ახალი წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი ცდილობს, უფრო სწორად ევროკავშირის ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, რომ ევროკავშირი იყოს ბრიუსელიდან პირდაპირი წესით მართვადი ორგანიზაცია და ნებისმიერი სახელმწიფოს განსხვავებული პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ადვილად გადასალახი და დაბლოკვადი. არადა, ევროკავშირი თავის თავში გულისხმობს სწორედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ერთობას და მათ ინტერესთა კონსენსუსზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს აღარ არის, ასე ვთქვათ, ბრიუსელის ცენტრალიზებული მმართველობის ინტერესებში და ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ახალ წევრს, რომელიც იქნება მიღებული, თავიდანვე შეზღუდული ჰქონდეს განსხვავებული აზრის არამარტო დაფიქსირების, არამედ აზრის გათვალისწინების უფლებაც კი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ თამაშის წესები იცვლება თამაშის მიმდინარეობის დროს.
„იგივე მონტენეგრო, რომელიც თითქოსდა ყველაზე ახლოს არის და ათეული წლებია უკვე, გრძელდება მისი ევროპასთან დაახლოების ეს პოზიცია, აღმოჩნდა ამ დაახლოების თითქმის ფინიშის გზაზე შეცვლილი პირობების წინააღმდეგ. მან ან უნდა მიიღოს ეს პირობა, რომ მას აღარ ექნება სრულფასოვანი ხმის უფლება, ან არა და მისი გაწევრიანების ეს გზა, რომელსაც მან ათეული წლები მოანდომა, რომ იტყვიან, შეჩერებული იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი დამცავი მექანიზმების შემოღებას განიხილავს, მათ შორისაა წევრი სახელმწიფოსთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობაც. ამ მექანიზმების ამოქმედების პირველი კანდიდატი მონტენეგროა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ეს მექანიზმები, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობა, არ ექვემდებარება განხილვასა თუ ცვლილებას.
