ირმა ინაშვილისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დახურული, როცა საქმეზე არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი.
“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი დღევანდელობას გასული საუკუნის 30 -იან წლებს ადარებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ დაამკვიდრა სწორედ ის ტენდენცია, როცა “ადამიანებს ისე ასამართლებდნენ, არ აძლევდნენ სიტყვის თქმის უფლებას.“
“სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები დახურული. რა არის აქ საიდუმლო, წყალქვეშა ნავს ეხება საქმე თუ ბალისტიკურ რაკეტას. არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი, ამ საქმის მიმართ და ამ ტენდენციას საფუძველი ჩაეყარა კობახიძის მმართველობისას, ეს უნდა დავინახოთ ჩვენ. ეს ტენდენცია გვახსენებს გასული საუკუნის, 30-იანი წლების დიდი ტერორის ეპოქას, როცა ადამიანებს ისე ასამართლებდნენ, არ აძლევდნენ სიტყვის თქმის უფლებას. ღარიბაშვილი საუბრობს ბოლო წერილში ჩრდილოვან მართლმსაჯულებაზე, ალბათ თავად უნდა ბრძანოს, ვის გულისხმობს ამაში. მე კი ვიტყვი, რომ ეს ის ხალხია, ვისაც დღეს აქვს ძალაუფლების ბერკეტი ხელში, ანუ კობახიძის ჯგუფი, რომელიც, მე არ მჯერა, რომ არ აკონტროლებს ან პროკურატურის, ან სასამართლოს საქმიანობას, მეტიც, ამ მოსამართლეებზე ბრძანებდა კობახიძე, ცუდები იყვნენ და ახლა კარგები გახდნენო და ეს მოსამართლეები უვადოდ განამწესეს სასამართლო სისტემაში. ამიტომ, სურათი ცხადი და ძალიან ნათელია”, – ამბობს ირმა ინაშვილი.
პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესების სრულად დახურვას „ჩრდილოვან მართლმსაჯულებასა“ და პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
როგორც ღარიბაშვილი წერს, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნასა და მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა თუ შანტაჟის ფაქტების დამალვას ემსახურება.
„ეს არის “კენგურუს სასამართლოს” კლასიკური ნიმუში“ – წერს ღარიბაშვილი და ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს.
