ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც დაზარალებული 7 წლის იყო, მასზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “საფარი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდა ქალმა მათ 1 წლის წინ მიმართა, რის შემდეგაც დაიწყო შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვება და დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.
ორგანიზაციისვე ცნობით, ხვალ, 10 ნოემბერს გადაწყდება, შეეფარდება თუ არა ბრალდებულს პატიმრობა.
ერთი წლის წინ, საფარს ახალგაზრდა ქალმა მიმართა. საქმეზე მუშაობა ორგანიზაციის იურისტმა, მარი ვარამაშვილმა დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში, იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.
პროკურატურამ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კაცს ბრალი წარუდგინა. საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა.
ხვალ, 10 ნოემბერს სასამართლო რისკებს შეაფასებს, აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს და გადაწყვეტს, შეეფარდება თუ არა ბრალდებულს პატიმრობა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება, – წერს ორგანიზაცია.
