ლაგოდეხელი გიორგი გულიაშვილი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს.
„- საქართველოს საპატრიარქოსთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც მაინტერესებს, რას გამოაქვეყნებთ ან რას გაავრცელებთ ჩემს შესახებ.
დოკუმენტი, რომელიც ჩემს ხელშია, თავის სათქმელს თავად იტყვის. დადგება დრო და ყველაფერი ნათელი გახდება. ნუ ცდილობთ სიმართლის დაფარვას. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
დიდი მადლობა უფალს, რომ თქვენი კრიტიკისა და თავდასხმების ფონზეც კი უფრო მეტ ადამიანს აცნობთ ჩემს არსებობას.
თქვენ თავად უჭერთ მხარს რუსეთის პოლიტიკას, თუმცა გახსოვდეთ, რომ ისტორია ყველაფერს აფასებს და ყველა საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე აგებს პასუხს.
სიმართლე ზოგჯერ მწარეა, მაგრამ მისი დამალვა შეუძლებელია. დადგება დრო, როდესაც ყველაფერს თავისი პასუხი და შეფასება ექნება.
მე კი ღმერთს ვანდობ ჩემს გზას, ჩემს სიმართლესა და მომავალს,”- წერს გულიაშვილი.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გიორგი გულიაშვილი ადრეც ამხილეს, ამჯერად კი ის თავს „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, კიევის საპატრიარქოს“ მღვდელმსახურად აცხადებს.
აღნიშნული ეკლესია არცერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არ არის აღიარებული, ხოლო მის მიერ შესრულებული ხელდასხმები მართლმადიდებლურ საეკლესიო სივრცეში აღიარებას არ ექვემდებარება.
უწყების განმარტებით, გიორგი გულიაშვილის მიერ ჩატარებული „მღვდელმოქმედებები“ არაკანონიკურია და რაიმე საეკლესიო აღიარებასა თუ ძალმოსილებას მოკლებულია.
