მე კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც მთავარია საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობით ლეგიტიმურად განიხილავს ამ სარჩელს და ყველამ პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო პროცესს და შემდეგ მის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო“.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2004-2012 წლებში საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული, რომელსაც ჰყავდა კონკრეტული ავტორები, ამ ავტორებს დღეს ჰყავთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკურ პარტიები, მისივე შეფასებით, საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს. როგორც კობახიძე მიიჩნევს, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰყავს შემადგენლობა, რომელიც პარტიების აკრძალვის სარჩელს ლეგიტიმურად განიხილავს.
„ეს შემადგენლობა ლეგიტიმურად განიხილავს ამ საკითხებს, დანარჩენი, მე კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც მთავარია საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობით ლეგიტიმურად განიხილავს ამ სარჩელს და ყველამ პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო პროცესს და შემდეგ მის გადაწყვეტილებას.
იყო ჩამოყალიბებული კონკრეტული რეჟიმი, ამ რეჟიმს ჰყავდა ავტორები და აქ, საქმე ეხება რეჟიმის ლიდერების ავტორების გასამართლებას. მაშინდელი სისტემის მონაწილე იყო ათი ათასობით ადამიანი, მაგრამ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში დავაყენეთ ამ რეჟიმის შემოქმედების არაკონსტიტუციურობის საკითხი. ეს არის მთავარი, რაც შემიძლია გითხრათ“,- განაცხადა კობახიძემ.
