იმანუელ კანტი ამბობდა: „ვინც ცხოველების მიმართ სასტიკია, ის ადამიანებთან ურთიერთობაშიც გულქვა ხდება. ადამიანის გულზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი ცხოველებს.“ (იმანუელ კანტი, „ლექციები ეთიკაზე“).
დიდი ფილოსოფოსის ეს სიტყვები დაახლოებით ორნახევარი საუკუნის წინ ითქვა, მაგრამ დღეს ისინი საქართველოში განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ 2026 წლის 31 ოქტომბრის გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სათაურით, „ღამის კოშმარი / როგორ ხოცავს ძაღლებს სახელმწიფო / გამაოგნებელი კადრები საიდუმლო სამარხებიდან“, რომელშიც აღწერილ იქნა, თუ როგორ იჭერენ, კლავენ და სპეციალურ სამარხებში მარხავენ, ხელისუფლების მითითებით, მიუსაფარ ძაღლებს. სიუჟეტი შეიცავს ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებს, თუ როგორ მიაქვთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი და შემდეგ მოკლული მიუსაფარი ძაღლები ველის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე და სპეციალურ ორმოებში ყრიან. კადრების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალური თავშესაფრიდან დახოცილი ძაღლებით სავსე მიკროავტობუსი შუაღამის შემდეგ გადის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ჟურნალისტების რამდენიმეკვირიანი დაკვირვებით, დამარხვა სამუშაო დღეებში, მაგრამ არასამუშაო საათებში, შუაღამისას იწყება, ხოლო თეთრი მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ზოგჯერ ღამეში ორ რეისსაც აკეთებს.
სიუჟეტი ამ კადრებს უკავშირებს ამავე თემაზე ფართო საზოგადოებრივ დისკუსიებს. სოციალურ ქსელებში მრავლად ჩნდება განცხადებები, რომ ქრებიან ის ძაღლებიც, რომელთა მოვლაც საკრებულოს დადგენილებით რეგულირდება და სახელმწიფოსთან წერილობით არის შეთანხმებული.
სახელმწიფო უწყებები ამ ბრალდებებს გადაჭრით უარყოფენ. სიუჟეტის ეთერში გასვლიდან მცირე ხნის შემდეგ, იმავე საღამოს, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ტერიტორია, რომელზეც სიუჟეტშია საუბარი, განკუთვნილია თბილისში სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ცხოველების ნეშტების დასამარხად. მისივე თქმით, ტელეკომპანია „პირველის“ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით. მერიის თანახმად, ცხოველები, რომლებზეც მოქალაქეები მიუთთებენ, დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2026 წლის 2 აპრილს გამოაქვეყნა ანალიზი სათაურით „მართვა თუ თავიდან მოცილება – რა საფრთხეს უქმნის მიუსაფარ და მიკედლებულ ცხოველებს მთავრობის ახალი განკარგულება“. ორგანიზაციის დასკვნით, ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და უკან არდაბრუნების პრაქტიკა არაჰუმანურია და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ქართულ კანონს.
სხვა ცნობები მიუსაფარი ძაღლების შესაძლო განადგურების შესახებ
მიუსაფარი ძაღლების შესაძლო განადგურების შესახებ მსჯელობა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს საქართველოს საზოგადოებაში. ამ თემაზე სკანდალური ინფორმაცია პირველად მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. საქართველოს სხვადასხვა ადგილებიდან – გორიდან, ზუგდიდიდან, ტყიბულიდან და ა.შ. მიღებული შეტყობინებების თანახმად, ქუჩებიდან ქრებოდნენ მიუსაფარი ძაღლები. ნიშანდობლივია, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად, ქრებოდნენ არა მხოლოდ და არა იმდენად დაავადებული ძაღლები, არამედ სავსებით ჯანმრთელი, სტერილიზებული და ვაქცინირებული ძაღლებიც.
განსაკუთრებით შემაძრწუნებელი იყო გორიდან მიღებული ინფორმაცია და ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ ამოდის ღამით კვამლი გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის კრემატორიუმიდან. გადამღების თქმით, კრემატორიუმი მთელი ღამე მუშაობდა და ირგვლივ წვის მძაფრი სუნი იდგა. გაჩნდა ეჭვი, რომ ცხოველებს ცოცხლადაც წვავდნენ. თავშესაფრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კრემატორიუმი მხოლოდ ვეტერინარული ნარჩენებისა და უკვე დაღუპული ცხოველების განსაკარგად გამოიყენება და არა ჯანმრთელი ძაღლების მოსაკლავად. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თქმით, შემოწმებამ გორის თავშესაფარში დარღვევა „ვერ აღმოაჩინა“.
2026 წლის ოქტომბერში მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ათობით ლეკვი ხუთიდან შვიდ კვადრატულ მეტრამდე ბინძურ, სველ ვოლიერშია შეყრილი; ზოგი მათგანი სველი და ძალიან გამხდარი ჩანდა. რეგიონულმა სააგენტომ განმარტა, რომ თანამშრომლები დასუფთავებას ატარებდნენ და ამიტომ შეკრიბეს ყველა ლეკვი ერთ ვოლიერში. 16 ოქტომბერს თავშესაფართან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ლეკვების უმეტესობის გამოყვანას მიაღწიეს; სხვადასხვა ცნობით, 100-დან 300-მდე ცხოველი გამოიყვანეს. აქტივისტების თქმით, ბევრ ცხოველს მძიმე ვირუსული დაავადება აღმოაჩნდა, ყველაზე სუსტი ლეკვები კი გზაში დაიღუპნენ. სხვა სავარაუდო დარღვევებს შორის დაასახელეს საკარანტინე სივრცის არარსებობა, ლეკვების წარმომავლობის დოკუმენტების არქონა, სიცივე და ცუდი სანიტარია; ერთ ვოლიერში ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველები და დაღუპული ძაღლების ნარჩენები ერთად იყო.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სამთავრობო “პროგრამა”
ზემოთ აღწერილი, პრაქტიკაში განხორციელებული გარემოებები შედეგად მოჰყვა მთავრობის ე.წ. პროგრამას, სახელწოდებით, „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამა“, რომელიც მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N412 განკარგულებით იქნა დამტკიცებული.
პროგრამის მთავარი დეკლარირებული ამოცანა ძაღლების მიკვლევადობისა და ცოფის პრევენცია უნდა ყოფილიყო. დოკუმენტი ორ მიზანს ასახელებს: ჰიპერპოპულაციის მართვას, ცოფის გავრცელების თავიდან აცილებას, ადამიანის ჯანმრთელობისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას, და ასევე „ჰუმანური მეთოდების პოპულარიზაციას“.
პროგრამა მოიცავს როგორც უპატრონო და მიკედლებულ, ისე პატრონიან ძაღლებს. პირველთათვის გათვალისწინებულია იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია-კასტრაცია და საჭიროებისას ლეიშმანიოზსა და ჭირზე ტესტირება. მეორეთათვის კი რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია.
პროგრამის თანახმად, კარდაკარ პრინციპით უნდა განხორციელებულიყო დაახლოებით 102 092 პატრონიანი ძაღლის ჩიპირება და რეგისტრაცია, 13 619 ძუ ძაღლის სტერილიზაცია და, რაც საყურადღებოა, დაახლოებით 36 116 უპატრონო ან მიკედლებული ძაღლის დაჭერა და ოთხ მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანა. მცხეთა-მთიანეთიდან ძაღლები თბილისში უნდა გადაყვანილიყვნენ, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან – გურჯაანში, შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან – გორში, ხოლო იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან, გურიიდან და სამეგრელოდან – ქუთაისში. ეს ნიშნავს, რომ ძაღლები ხშირად ასობით კილომეტრზე უნდა გადაყვანილიყნენ.
პროგრამის თანახმად, თავშესაფრებში ძაღლებს ასტერილიზებენ, არეგისტრირებენ და ცრიან. ოპერაციის შემდგომ ისინი სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა „გარემოში დაბრუნების მიზნით“, ხოლო შესრულებული სამუშაო ერთიან ბაზაში აღირიცხება. ყველაზე სადავო დებულებაც აქ არის – მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში. იგი კრძალავს ძაღლის დაბრუნებას ბაღებთან, სკოლებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, კვების ობიექტებთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროებთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან და ზოგადად მიუთითებს, რომ „ასეთ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია“. თუ სად უნდა წაიყვანონ ძაღლი, რა რადიუსს გულისხმობს ზემოაღნიშნულ „ობიექტებთან“ დაბრუნების აკრძალვა ან ვინ იღებს ასეთ გადაწყვეტილებას, დოკუმენტი არ განსაზღვრავს.
დოკუმენტის წაკითხვისას ასევე თვალში საცემია ისიც, რაც მასში არ წერია. „ჰუმანური მეთოდები“ მიზნად კი არის დასახელებული, მაგრამ არ არის განმარტებული, რას მოიცავს იგი. არაფერია ნათქვამი არც დაჭერის წესზე, არც ტრანსპორტირების პირობებზე, არც ევთანაზიაზე და არც იმაზე, რა ბედი ეწევა
ძაღლს, რომელსაც „ჩვეულ“ ადგილას ვერ დააბრუნებენ. პროგრამა არ ითვალისწინებს არც დამოუკიდებელ ზედამხედველობას, არც მიმკედლებლის ინფორმირებას და არც ცალკეული ცხოველის ბედის საჯარო აღრიცხვას.
სამთავრობო პროგრამა და მის ფარგლებში განხორციელებული ზომები ეწინააღმდეგება ჰუმანიზმის პრინციპებს და საქართველოს კანონმდებლობას
მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და მათი უკან არდაბრუნების პრაქტიკა, რომ არაფერი ვთქვათ მათ ფიზიკურ განადგურებაზე, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებსაც.
ხელისუფლება კი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, თუმცა, ზემოთ მითითებული ფაქტები, რომლებიც ვიდეომტკიცებულებებსა და მოქალაქეთა მრავალრიცხოვან შეტყობინებებს ეყრდნობა, სულ სხვა რამეზე მიუთითებს. მათ ფონზე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ამ ფაქტების ცარიელი უარყოფა სრულიად არადამარწმუნებლად გამოიყურება. ძნელია დაიჯერო მიუსაფარი ცხოველების მიმართ „ჰუმანური მოპყრობის“ შესახებ განცხადებები იმ ხელისუფლებისაგან, რომელიც პირდაპირ ქუჩაში სასტიკად უსწორდებოდა პროტესტის გამომხატავ ადამიანებს.
თუმცა, ზემოთ აღწერილი ზომები წინააღმდეგობაშია საკუთრივ საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასთანაც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი დანაშაულად აცხადებს ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლი კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას. განაგრძეთ კითხვა …
