ეს ინსტიტუტიც [საკონსტიტუციო სასამართლო] ისე მიიტაცეს, რომ მოსამართლეებს აშკარად ეტყობათ არათუ კეთილგანწყობა, არამედ პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არის „ქართული ოცნების“ სასარგებლო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მომხრეებშიც კი უკმაყოფილებას იწვევს მიმდინარე პროცესი, იმდენად მკაფიოა ოპოზიციური პარტიების უპირატესობა და სიმართლე.
„საკონსტიტუციოში რაც მიმდინარეობს მგონი ყველა კარგად ვხედავთ, ისტორიული სიმართლე გამოჩნდა და მგონი თავად „ქართული ოცნების“ მომხრეებშიც კი უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად მკაფიოა ჩვენი უპირატესობა და სიმართლე. ბოლო კვირის მანძილზე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ეს ყოველივე და მომავალშიც ასე იქნება. რაც არ უნდა გულდასაწყვეტი იყოს, რომ ეს ინსტიტუტიც ისე მიიტაცეს, რომ მოსამართლეებს აშკარად ეტყობათ არათუ კეთილგანწყობა, არამედ პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არის „ქართული ოცნების“ სასარგებლო.
როდესაც ჩვენ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, მას ვერ ექნება გავლენა ქართველი ხალხის წინააღმდეგობაზე. ეს წინააღმდეგობა აუცილებლად გაგრძელდება, როდესაც კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოა და პარტიები იკრძალება ეს პოლიტიკურ ლანდშაფტს აბსოლუტურად ცვლის. ეს რა თქმა უნდა, იქნება წითელი ხაზი ყველასთვის, მათ შორის, საერთაშორისო კუთხით, მაგრამ ქვეყნის შიგნით ეს კონსტრუქციული გარემო არ არსებობს, პოლიტიკური ლიდერები არიან ტყვეობაში, დევნა და რეპრესიები კი უპრეცედენტო ხარისხის, ამიტომაც ჩვენს ბრძოლასა და ბრძოლის უნარიანობაზე არ აისახება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილი ასევე გამოეხმაურა „ალდეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს „შეუძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისგან არ მოჰყვეს კონკრეტული რეაქცია“.
„ცივილიზებულ ქვეყნებში მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციები იკრძალება და საქართველოში კი ცივილიზებული პოლიტიკური ძალების აკრძალვა სურს ბიძინა ივანიშვილს, რასაც შეუძლებელია საერთაშორისო საზოგადოებისგან არ მოჰყვეს კონკრეტული რეაქცია, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს იქნება წითელი ხაზი ყველა ცივილიზებული პოლიტიკური ინსტიტუციისთვის“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
