სახალხო დამცველის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის წესში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიღებული ცვლილებების თანახმად, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან ორ თვეში ერთხელ შეაფასებს, კვლავ არსებობს თუ არა მკურნალობის გაგრძელების საფუძვლები. კომისიის გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება შესაძლებელი იქნება როგორც იძულებითი, ისე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში.
„საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საფუძვლების პერიოდულ შეფასებას, სასამართლო კონტროლსა და პაციენტის უფლებების დაცვის დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს.
ცვლილებები შევიდა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში. საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს კანონმდებლობის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას.
აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო ნორმები, რომლებიც პირს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან სათანადოდ ვერ იცავს.
მიღებული ცვლილებების თანახმად, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან ორ თვეში ერთხელ შეაფასებს, კვლავ არსებობს თუ არა მკურნალობის გაგრძელების საფუძვლები. კომისიის გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება შესაძლებელი იქნება როგორც იძულებითი, ისე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში.
ამასთან, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან ყოველ ექვს თვეში დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის გადაწყვეტილებასა და შესაბამის დოკუმენტაციას სასამართლოს გაუგზავნის. სასამართლო შეამოწმებს, კვლავ არსებობს თუ არა ის საფუძვლები, რომელთა გამოც პირს მკურნალობა შეეფარდა. მკურნალ ექიმს შეუნარჩუნდება უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.
საკანონმდებლო ცვლილებები ასევე შეეხო არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაგრძელების მიზანშეწონილობის შეფასების პერიოდულობას. კერძოდ, ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის მიერ აღნიშნული საკითხის განხილვისთვის მანამდე განსაზღვრული ერთთვიანი ინტერვალი ორ თვემდე გაიზარდა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილების პრაქტიკაში განხორციელებისას უზრუნველყოფილი იყოს პაციენტთა უფლებების სათანადო დაცვა და სტაციონარული დახმარების გაგრძელების აუცილებლობის დროული და ინდივიდუალური შეფასება.
სახალხო დამცველი მიესალმება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის წესში განხორციელებულ ცვლილებებს და იმედოვნებს, რომ მკურნალობის გაგრძელების საფუძვლების რეგულარული გადამოწმებისა და სასამართლო კონტროლის დამატებითი მექანიზმების დანერგვა ხელს შეუწყობს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივების თავიდან აცილებასა და პაციენტთა უფლებების სათანადო დაცვას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
