პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პაკეტი.
ცვლილებების თანახმად, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ექნება შესაძლებლობა, რომ შეთავსებით შეასრულოს სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება. გარდა ამისა, ამავე ცვლილებით, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს შეეძლება დაიკავოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა.
“მინისტრის პირველმა მოადგილემ/მოადგილემ შეიძლება შეთავსებით შეასრულოს შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი/მისი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის, შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილება.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა შეიძლება შეთავსებით ეკავოს მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს.” – ნათქვამია კანონპროექტში.
განმარტებითი ბარათის თანახმად, საკანონმდებლო პაკეტი აღნიშნული დამატებითი ფუნქციების განხორციელებისათვის არ ითვალისწინებს დამატებითი ანაზღაურების დაწესებას, არამედ ხსენებული ფუნქციები განხორციელდება ანაზღაურების გარეშე. დოკუმენტში აგრეთვე ნათქვამია, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებას, საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას.
“აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს შესაბამისი მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინირებულ განხორციელებასა და მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, კონკრეტულ სფეროებში პასუხისმგებლობის კონცენტრირებასა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას, რიგი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას, არსებული ადამიანური რესურსის გონივრულად გამოყენებას.” – წერია განმარტებით ბარათში.
ცვლილებებს 78 მომხრე და 5 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თავის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა.
