ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი მეუღლის რუსუდან ჩირგაძის ინფორმაციით, ფეხბურთელს შაბათს, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და დაკრძალავენ, ხოლო პანაშვიდები ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართება, მისამართი: ვაკე, ატენის ქ. 18ბ, სართული 6.
ცნობილ ფეხბურთელს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გაირკვა ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი. როგორც “რეზონანსს” ოჯახთან დაახლობულმა პირმა განუცხადა, გიორგი ნემსაძე ძილში გულის შეტევით გარდაიცვალა და ეს ფაქტი ადგილზე მისულმა სამედიცინო პერსონალმა დაადასტურა.
გიორგი ნემსაძემ 1992–2004 წლებში ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი, საიდანაც 42 შეხვედრაში გუნდს კაპიტნობდა. კარიერა დაიწყო და დაასრულა თბილისის „დინამოში“. ასევე თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „შევარდენსა“ და „ლოკომოტივში“. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია.
იგი თამაშობდა გერმანულ „ჰომბურგში“, თურქულ „ტრაბზონსფორში“, შვეიცარიულ „გრასჰოფერში“ და იტალიურ „რეჯანაში“. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“, სადაც კაპიტანი იყო და 2010 წელს კლუბის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.
