რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, კოსტავას ქუჩაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში ქვეითებს გარკვეული ცვლილება დახვდებათ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სასტუმრო „რუმსთან“ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელს მხოლოდ ერთი ჩასასვლელი ექნება.
უფრო კონკრეტულად, მერიის განმარტებით, მიწისქვეშა გადასასვლელი ჩვეულებრივ გააგრძელებს ფუნქციონირებას ტროტუარის ორივე მხარეს, თუმცა, სიახლე იქნება ის, რომ როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხარეს არსებულ გადასასვლელებში, მოქალაქეებს ჩასვლა ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი მხრიდან ანუ ერთი კიბით შეეძლებათ.
მერიის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება რუსთაველის გამზირისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება.
ცნობისთვის, დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და როგორც დაანონსებულია, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
გამზირის რეაბილიტაცია 20.487 მლნ. ლარი ჯდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია “სმარტ სოლუშენსი” ახორციელებს.
ამასთან, ცალკე ტენდერია გამოცხადებული ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის შესყიდვის ჯამური ღირებულება 7 808 234 ლარს შეადგენს.
