საქართველომ „თავისუფალი“ ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა და „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა – ამის შესახებ კვლევას “ფრიდომ ჰაუსი” ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, საქართველოს სტატუსი თავისუფალიდან ნაწილობრივ თავისუფალზე შეიცვალა, რადგან ხელისუფლებამ განაგრძო ონლაინ აქტივიზმისა და გამოხატვის ჩახშობა, რომელიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად აღიქმებოდა.
“ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, საქართველოს ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებელი 100-დან 68 ქულაა.
არსებული ქულებით ქვეყანა „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა. წინა შეფასებით საქართველო „თავისუფალ“ ქვეყნებს ეკუთვნოდა.
“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში საქართველოს სტატუსის გაუარესების მიზეზად “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული გამოხატვის შეზღუდვა სახელდება, თუმცა ანგარიშში არ არის დასახელებული კონკრეტული შემთხვევები.
საქართველო „Freedom on the Net“-ის ანგარიშში მისი პირველივე, 2009 წლის საპილოტე გამოცემიდან მონაწილეობს. საქართველომ „თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი პირველად 2012 წელს მოიპოვა (მანამდე ის „ნაწილობრივ თავისუფალი“ იყო) და ეს პოზიცია ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა.
