მარტო მე კი არა, მაშინ 30-ზე მეტი ელჩი გვყავდა მთელ მსოფლიოში და ყველგან ეკიდა [სახელმწიფო მეთაურის ფოტო კაბინეტში]. აი, ასეთი კომპეტენციის ხალხთან გვაქვს საქმე და ამათ ჰგონიათ, ასეთი რაღაცის წარმოჩენით, რაღაცას გააკეთებენ – ნუ შემატოპვინებთ ღრმად! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ანი წითლიძეს მიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი განიხილება, ანა წითლიძემ ყურადღება გაამახვილა თენგიზ შარმანაშვილზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სომხეთში ელჩი იყო. თავის მხრივ, შარმანაშვილმა მოწინააღმდეგე მხარის მისამართით კომპეტენციაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ის მაშინ, როგორც ელჩი, პოლიტიკურად ნეიტრალური პირი იყო.
„კომპეტენციის თაობაზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ, თქვენ გცემთ პატივს, სხვებს – არა.
ელჩზე ლაპარაკობს [ანა წითლიძე], რომელსაც დიპლომატიურ სამსახურის შესახებ კანონში უწერია, რომ ელჩი არის პოლიტიკურად ნეიტრალური და არანაირად შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს. ანუ მე მეკავა თანამდებობა იმ პერიოდში, როდესაც იგივე კანონმდებლობა, რომელიც დღესაც მოქმედებს, ამ ნაწილში პოლიტიკურ მოღვაწეობას ყველანაირად უკრძალავდა. ასე რომ ლაპარაკი იმაზე, რომ პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, ვინმეს მიმართ ამ წლების განმავლობაში მე გამოვდგე რამე ფიგურად, არის ყოვლად წარმოუდგენელი ისევ ამ კანონმდებლობიდან გამომდინარე. ეს, თან ხშირად გვხვდება, ვითომ კომპრომატად. იმდენად სასაცილო დონემდე მიდიან, რომ როდესაც ელჩი ვიყავი, სახელმწიფოს მეთაურის სურათი ეკიდა ელჩის […] გვერდზე, ასე, იყო დადგენილი საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგლამენტით და ეს, რატომ ეკიდაო? მარტო მე კი არა, მაშინ 30-ზე მეტი ელჩი გვყავდა მთელ მსოფლიოში და ყველგან ეკიდა. აი, ასეთი კომპეტენციის ხალხთან გვაქვს საქმე და ამათ ჰგონიათ, ასეთი რაღაცის წარმოჩენით, რაღაცას გააკეთებენ“,- განაცხადა შარმანაშვილმა.
მაშინ, როდესაც შარმანაშვილმა მოწინააღმდეგე მხარის მისამართით კომპეტენციაზე მიუთითა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა რეპლიკის სახით აღნიშნა, რომ შეურაცხყოფას აქვს ადგილი.
თავის მხრივ, შარმანაშვილმა თქვა, რომ ეს არ არის შეურაცხყოფა.
„ნუ შემატოპვინებთ ღრმად, მე უკვე დავაფიქსირე, რომ თქვენი [მოსამართლეების] პატივისცემის გამო ღრმად ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
სასამართლო სხდომაზე მანამდე „ნაციონალურ მოძრაობის’ წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ასევე პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით მიყვანის შუამდგომლობა დააყენეს.
„მაინტერესებს განსაკუთრებით თენგიზ შარმანაშვილი, რა კითხვას დაუსვამს [მიხეილ სააკაშვილს], რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რომელსაც ახლა, ამ სარჩელით ბრალი ედება, მის მიერ დანიშნულ ელჩს წარმოადგენდა, ან გიორგი კახიანი, რომელიც დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს“, – აღნიშნა წითლიძემ.
