ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით 2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში 18.856 მლნ. ტონა ნავთობი იქნა ტრანსპორტირებული, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.3%-ით ნაკლებია. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებში წერია, რასაც Report ავრცელებს.
გამოცემის ცნობითვე, ამ მილსადენით გადაზიდული მთლიანი მოცულობიდან 82% ანუ 15.456 მლნ. ტონა აზერბაიჯანში წარმოებული, ხოლო 18% ანუ 3.400 მლნ. ტონა თურქმენული და ყაზახური ნავთობი იყო.
ახლახან ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყაზახეთი და აზერბაიჯანი მილსადენით გადაზიდული ყაზახური ნავთობის მოცულობის გაზრდას გეგმავენ.
„ჩვენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ყაზახეთის ნავთობის მიწოდების მოცულობის გაზრდას აზერბაიჯანთან ერთად ვაპირებთ,“ – ამბობს თოყაევი.
მისი შეფასებით, არასტაბილური გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ყაზახეთი პარტნიორობასა და გაფართოებულ თანამშრომლობაზე აქცენტირებს.
მანამდე სააგენტო, Reuters ინდუსტრიის ორ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ყაზახეთი ბთჯ-ის მილსადენის მეშვეობით ნავთობის ექსპორტის გაზრდას სექტემბრის 130 000 ტონიდან ოქტომბერში 168 000 ტონამდე, ხოლო წლის განმავლობაში 2025 წლის 1.263 მლნ ტონიდან 1.7 მლნ ტონამდე გეგმავს.
ამასთან, იანვარ-სექტემბერში აქტაუს პორტიდან ბთჯ-ის მილსადენისთვის სულ 1.164 მლნ ტონა ნავთობი გაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია.
ცნობისთვის: ბთჯ-ის მილსადენი, რომელიც 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა, 1768 კმ სიგრძისაა. აქედან 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს, ხოლო 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის.
ამჟამად ბთჯ-ის მილსადენით ნავთობი აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოებიდან, კონდენსატი კი შაჰ-დენიზიდან ტრანსპორტირდება. მილსადენით, ასევე, SOCAR-ის ნედლი ნავთობი, ხოლო ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ნავთობი გადაიქაჩება.
მილსადენის სიმძლავრე დღეში 1.2 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, მილსადენის სიმძლავრის გაზრდა დღეში 2.2 მლნ ბარელამდე არის შესაძლებელი.
ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია BTC Co-ს აქციონერები არიან: BP plc (30.1%), SOCAR (32.96%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni და TotalEnergies (სათითაოდ 5%), Itochu (3.4%), ExxonMobil და Inpex (სათითაოდ 2,5%) და ONGC Videsh (3,11%).
