პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა პატიმარს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებაც და შესაძლებლობაც.
იონათამიშვილის თქმით, განხილული უნდა იყოს სამართლებრივი არგუმენტები, სუბიექტური შეფასებების ადგილი კი სასამართლო დარბაზი არ არის.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველას აქვს, უფლებასთან ერთად, შესაძლებლობაც. ხაზი უნდა გავავლოთ, სად არის პოლიტიკა და სად – სამართლებრივი საქმიანობა. აქედან გამომდინარე, ვინმეს რაიმე არგუმენტი თუ აქვს, რა თქმა უნდა, სამართლებრივ პროცესში ეს არგუმენტი უნდა გამოიყენოს. ასეთ პროცესებზე პოლიტიკური სარჩულის მიკერება, რა თქმა უნდა, არ არის არც სწორი, არც მოგებიანი. სასამართლოა და ვისაც რაიმე არგუმენტი აქვს, საუკეთესო სივრცეა, რომ ეს არგუმენტები გაახმოვანოს. სამწუხაროდ, ჯერ არგუმენტებზე მეტად სუბიექტურ შეფასებებს ვხედავთ. სუბიექტური შეფასებისთვის ადგილი კი სასამართლო და მისი დარბაზი არ არის“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
