მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ განუცხადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვას ესწრებოდა.
„სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი არის, ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა და ჩემს უკან ასიათასობით თანამებრძოლია, რომლებმაც ირაკლისთან ერთად დაამარცხეს „ნაცმოძრაობა“, 2012 წლიდან თითოეული თანამებრძოლის დამსახურებაა ის, რომ დღეს, საქართველოში სიმშვიდეა. თქვენ ახსენეთ ერისკაცი, ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, წუხდეს იქნება, რადგან ირაკლი მასთან გაიზარდა.
თანამებრძოლი გყოლიათ? თუ თანამებრძოლს სტკივა, ყველა თანამებრძოლს სტკივა, რა არის აქ გასაკვირი? ერისკაციც ადამიანია. სააკაშვილის დროში ნუ გეშლებათ დღევანდელი დრო. როცა მოსამართლეც სააკაშვილი იყო, პროკურორიც სააკაშვილი იყო და მმართველიც სააკაშვილი იყო. მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები“, – აცხადებს კურტანიძე.
ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა. ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით – 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
