წლების განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ავტოკრატიის კონსოლიდაციის პროცესში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარგინალიზაცია და მათ მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის გაღვივება იყო. მიუხედავად ამისა, 2024 წელს ივანიშვილის ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად არჩევნების უპრეცედენტო მანიპულაცია დასჭირდა, ოპოზიციის უპირატესობა თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში იმდენად დიდი იყო, რომ მან, მანიპულირებული საარჩევნო პროცესის პირობებშიც კი, ხელისუფლების დამარცხება შეძლო.
სწორი იყო თუ არა ოპოზიციის მიერ 2024 წლის არჩევნების შემდეგ შერჩეული სტრატეგია, ბოიკოტის გზით გაეგრძელებინა ხელისუფლებასთან ბრძოლა; მიიღო თუ არა მან თვითდაზიანება და გაუმარტივა თუ არა ივანიშვილს ამოცანა, ბოლომდე გაენადგურებინა ოპოზიციური პარტიები – ამაზე მომავალშიც შეიძლება მსჯელობა. წარსულს ვერ შევცვლით. დღეს კი, როდესაც ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების გაუქმების პროცესი მიმდინარეობს, უმჯობესია იმ უმძიმეს საფრთხეებზე ვისაუბროთ, რომლებსაც ეს ნაბიჯი ქართულ სახელმწიფოს უქმნის. შესაძლო პოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით, ეს სარჩელი ფაქტობრივად კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაა-დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით.
ფაქტია, რომ პარტიები საკმარისად დაზიანებულნი არიან იმისთვის, რომ საზოგადოებამ ბოლომდე ვერ გააცნობიეროს, როგორ აისახება მათი აკრძალვა საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრებასა და ქართულ სახელმწიფოზე. სამთავრობო პროპაგანდა კი აქტიურად არწმუნებს მოქალაქეებს, რომ პარტიების აკრძალვის მიუხედავად, მათ თავისუფალი პოლიტიკური არჩევანის უფლება შეუნარჩუნდებათ. ეს სიცრუეა. პარტიების აკრძალვის სარჩელის საფუძველი იმდენად ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, შექმნილი პრეცედენტის გამოყენებით, მომავალში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვა გახდება შესაძლებელი.
თუმცა, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების შეზღუდვის გარდა, პარტიების აკრძალვა ასევე ემსახურება რუსეთის გეოპოლიტიკურ ამოცანებს რეგიონში:
საერთაშორისო იზოლაცია
საქართველოს შემდგომი იზოლაცია საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო გამარტივდება. აკრძალვის პირველი და მყისიერი შედეგი ევროკავშირთან და აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვის შანსის გაბათილება იქნება. ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის გაუქმება, რაც ამ იზოლაციას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გაცილებით ხელშესახებად აქცევს, რუსეთისთვის სასურველ შედეგებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პარტიების გაუქმება კი უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.
საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია რუსეთისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარი იქნება. დასავლეთსა და საქართველოს მეზობლებს შორის მზარდი თანამშრომლობა მის სტრატეგიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ რუსეთის პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ ბევრი აქვს შესათავაზებელი. თუმცა, რუსეთს გაცილებით მეტი სჭირდება – საქართველოს სუვერენულ საგარეო პოლიტიკაზე ფორმალური უარი და საქართველოს კონსტიტუციიდან ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერის ამოღება.
საქართველოს კონსტიტუციიდან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერის ამოღება
ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ხოლო მომავალში ნებისმიერი არასასურველი პარტიის აკრძალვის პრეცედენტის შექმნა, ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობის მართვის მოდელზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემს. ამ პირობებში რუსეთის მოთხოვნა, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი, ფორმალურად განხორციელებადი ამოცანა ხდება.
ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი პარტიებს გააუქმებს და მეორე დღესვე ახალ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე ის შეეცდება რუსეთთან ურთიერთობაში მანევრირების სივრცე შეინარჩუნოს. თუმცა, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესის დაჩქარება ნათლად აჩვენებს, რომ ეს სივრცე სწრაფად ვიწროვდება. როგორც ჩანს, რუსეთს მიაჩნია, რომ საკითხის გაჭიანურება აღარ ღირს. მისთვის საქართველოს საკითხის „დახურვა“ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებამდე და საერთაშორისო კონტექსტის საქართველოს სასარგებლოდ შეცვლამდე უფრო მისაღებია.
მინიმუმ, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული ეკოსისტემა იმდენად უნდა დაზიანდეს, რომ მის აღდგენას მრავალი წელი დასჭირდეს. სამართლებრივმა ჩარჩომ კი სასურველია შეუძლებელი გახადოს ქვეყნის მართვაში იმ პოლიტიკური ძალების დაბრუნება, რომლებიც საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას უჭერენ მხარს.
რუსეთისთვის მიუღებელი პარტიებისა და პოლიტიკოსების აკრძალვა
სწორედ ამიტომ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ კანონების საფუძველზე მომზადებული სარჩელი „ლუბიანკაზე“ დაიწერა. ტექსტი პირდაპირ მიანიშნებს, რომ რუსეთის მწვავე კრიტიკა შესაძლოა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის საფუძვლად იქცეს. რუსეთს ეძლევა ბერკეტი, ქართული პოლიტიკური სივრციდან განდევნოს მისთვის არასასურველი ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი.
ამ ადამიანების უმრავლესობას არჩევანის გაკეთება მოუწევს სრულ მარგინალიზაციას, პატიმრობასა და ემიგრაციას შორის. ეს გზა უკვე გაიარა ოპოზიციამ რუსეთსა და ბელარუსში. პოლიტიკური ველის „გასუფთავება“ კი რუსეთს გზას უხსნის შემდეგი ამოცანის განსახორციელებლად – დაასრულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის პროცესი.
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარება
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იმჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული პოლიტიკის გამოყენება პარტიის საქმიანობის აკრძალვის საფუძვლად, რუსეთს საქართველოს სახელმწიფოს მიერ თითქოს ჩადენილი დანაშაულის აღიარების სამართლებრივ საფუძველს გაუმყარებს. ეს კი აუცილებლად გააძლიერებს რუსეთის პოზიციას, რომელიც უკვე აქტიურად მოითხოვს ივანიშვილისგან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას და ახალ რეალობასთან შეგუებას, მათ შორის საზღვრების დემარკაციის გზით.
ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე ხელის მომწერია, არაერთხელ დადასტურდა. ასევე დადასტურებულია, რომ ძალაუფლების მთავარ წყაროდ ის არა ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს მიიჩნევს. ამიტომაც აუქმებს დღეს ქართველ ხალხს, როგორც ამომრჩეველს, რათა დაუბრკოლებლად შეასრულოს რუსეთის ყველა მოთხოვნა.
ცრუ მოლოდინი, რომლითაც საზოგადოების ნაწილი საკუთარ პასიურობას ან ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ამართლებს, თითქოს არსებობს წითელი ხაზები, რომლებსაც ივანიშვილი არ გადაკვეთს, უკიდურესად სახიფათოა. ეს ადამიანები იმ ბავშვს მაგონებენ, რომელიც ურჩხულის დანახვაზე თვალებს ხუჭავს – შეშინებული და უსუსური, იმ იმედით, რომ ურჩხული გაქრება.
ივანიშვილს წითელი ხაზები არ აქვს – ეს არაერთხელ დადასტურდა. რუსეთისა და ივანიშვილის გეგმის მიხედვით, საქართველოს მოუწევს შეეგუოს ყველა რუსული მოთხოვნის შესრულებას: გაუქმებულ ევროპულ მომავალს, გაუქმებულ უვიზო რეჟიმს, გაუქმებულ საარჩევნო უფლებას, გაუქმებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. საბოლოოდ კი-აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას.
დღეს მხოლოდ ერთი შეკითხვა რჩება: ვეგუებით ამას? თუ თვალს ვახელთ და მზად ვართ ურჩხულის დასამარცხებლად და დემოკრატიის აღსადგენად საბრძოლველად?
