მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, რადიკალური ძალა
პროცესში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, გადაწყვეტილება კიდევ უფრო ადრე იქნება და პროცესი ბოლოში გავა, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ უნდა მოხდეს დიდი პოლიტიკური გადატვირთვა.
„ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ რადიკალური ძალა, რომელიც გარედან იმართება და ფინანსდება და მათი ერთადერთი მიზანია საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაძაბვა, სიძულვილის ენის გაღვივება და რევოლუციის მოწყობაა, ეს პროცესი უნდა დასრულდეს და დიდი პოლიტიკური გადატვირთვა უნდა მოხდეს. ის მოჯადოებული წრე უნდა დავძლიოთ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში გარედან თავს მოგვახვიეს. რაც შეეხება რადიკალების საქმიანობას, ეს არ არის პოლიტიკური ძალების აქტივობა. პოლიტიკურ პარტიას თავისი მოცემულობა აქვს, თუ რა ფარგლებში უნდა საქმიანობდეს – წარმოდგენილია პარლამენტში, ადგილობრივ თვითმმართველობებში და პოლემიკაშია ხელისუფლებასთან. რადიკალები არც ამ კომპონენტთან შემხებლობაში არ არიან. ეს ის ხალხია, რომელთაც მუდმივად ჰქონდათ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების მცდელობა გარედან დაფინანსებით და მართვით. მათ სხვა მიზანი არ აქვთ გარდა იმისა, რომ ქვეყანას საფრთხე შეუქმნან. ეს პროცესი უნდა გავიაროთ, ეს მნიშვნელოვანია. მათ ქართველმა ხალხმა განაჩენი დიდი ხანია გამოუტანათ, დარჩენილია სამართლებრივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
