თბილისში ქურდობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა დროს ფარულად შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთს.
უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
ჩხრეკების შედეგად, პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ხელსაწყოები, რომლებიც დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
