შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა დროს ფარულად შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
ჩხრეკების შედეგად, პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ხელსაწყოები, რომლებიც დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებოდა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
