პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, პაატა მანჯგალაძის შვილი “ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი ქადაგიშვილს პასუხობს.
როგორც ნინი მანჯგალაძე წერს, “ქადაგიშვილის განცხადება მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რამდენად დაცლილია ეს სისტემა ელემენტარული ადამიანურობისგან.“
მე პირადად არავის პოლიტიკურ თამაშებში არ ვმონაწილეობ, – წერს მანჯგალაძე.
მინდა გამოვეხმაურო ბატონი ირაკლი ქადაგიშვილის დღევანდელ განცხადებას, სადაც მან განაცხადა, თითქოს შვილებს „მამის ციხეში ჩატოვება უნდათ“ პოლიტიკური სპეკულაციებისთვისო.
როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი შვილისა და მამის ურთიერთობაზე ასეთ მორალურ ზღვარს გადასულ განცხადებას აკეთებს, ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რამდენად დაცლილია ეს სისტემა ელემენტარული ადამიანურობისგან.
როგორც შვილს, რომელსაც უკვე ერთი წელია ყოველდღე ენატრება მამა და ელოდება მას სახლში, მინდა მკაფიოდ გიპასუხოთ:
1. მამაჩემი, პაატა მანჯგალაძე, ციხეში შვილების სურვილით კი არ ზის, არამედ თქვენი ხელისუფლების უსამართლო განაჩენით.მან 7-წლიანი პატიმრობა მიიღო იმ დანაშაულისთვის, სადაც თავად სასამართლომვე სცნო უდანაშაულოდ განაჩენით დადასტურებულია, რომ მას არც ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებია (მუხლი 317) და არც პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეჭრილა ან ბლოკირება მოუხდენია (მუხლი 222).
2. ტყუილის აღიარება არ არის თავისუფლება. მამაჩემს არავინ უსაზღვრავს როლებს მან თავად აირჩია საკუთარი ღირსებისა და სიმართლის დაცვა. უდანაშაულო ადამიანისთვის იმის იძულებით აღიარება, რაც მას არ ჩაუდენია, ჰუმანიზმი კი არა, მორიგი მოძალადეობრივი წნეხია. როგორ უნდა „მოინანიოს“ ადამიანმა ის აბსურდი, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არეულობის „ორგანიზებად“ ბრალდებამ ჩაუთვალა 2024 წლის ოქტომბერში ანუ მთელი ერთი წლით ადრე გაკეთებული სრულიად ლეგალური საარჩევნო მოწოდება?
3. სხვისი არჩევანის პატივისცემა: მამაჩემმა დღეს ციხიდან მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ არავის განკითხვას ან მოღალატედ გამოცხადებას არ ვაპირებთ ყველას აქვს თავისი გაძლების ზღვარი და იმ უმძიმეს პირობებში, რასაც პოლიტიკური პატიმრობა ჰქვია, ადამიანების გადაწყვეტილებებს გაგებით უნდა მოვეპყროთ. მაგრამ ამავე დროს, მამაჩემი არ აპირებს საკუთარ პრინციპებსა და სიმართლეზე ვაჭრობას.
ნაცვლად იმისა, რომ შვილებს მორალი უკითხოთ უპასუხეთ მთავარ კითხვას: თუ პაატა მანჯგალაძეს არ მოუწოდებია დამხობისკენ და არ ყოფილა სასახლესთან, რისი „ორგანიზებისთვის“ გყავთ პაატა მანჯგგალაძე 7 წლით გამოკეტილი?
მე პირადად არავის პოლიტიკურ თამაშებში არ ვმონაწილეობ. ჩვენ ვიბრძვით ელემენტარული სამართლიანობისთვის და მამაჩემის ღირსებისთვის, რომელსაც ვერცერთი ციხის კედელი და ვერცერთი ცინიკური განცხადება ვერ გატეხს,- წერს ნინი მანჯგალაძე.
