მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ გადავფურცლოთ ეს ყველაფერი, დავიწყოთ რეალური პარტნიორობა, ვინაიდან „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა გაასმაგებულია, ევროკავშირი დიდხანს ვერ მოითმენს და მათ მოუწევთ ჩვენთან ურთიერთობის დაწყება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებული მოლოდინების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელში ფიქრობენ, „რომ დამატებითი შანტაჟითა და საინფორმაციო ხმაურით ოპოზიციას რევოლუციური თუ საარჩევნო გზით ხელისუფლების ჩანაცვლების შანსს მისცემენ, თუმცა ეს გამორიცხულია“.
„მოლოდინები პოზიტიური არ გვაქვს. შარშანდელი კარგად გვახსოვს ყველას, როდესაც ექვსი მუხლით იყო შეფასებული თითო კანდიდატი წევრი ქვეყანა და უკრაინა და მოლდოვა შეაფასეს ოთხი მუხლით, მიკერძოებას ჰქონდა ადგილი. ამოიღეს კორუფცია, ამოიღეს ადამიანის უფლებები და სავარაუდოდ ანალოგიური გაგრძელდება. ზოგადად შეფასებები ჩვენ მოვისმინეთ, ცალკეული ქვეყნები არიან, რომლებიც უკვე კარგად აანალიზებენ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მათ სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ მეგობრობა საქართველოსთან და ცდილობენ, რომ ბრიუსელიც ამაში დაარწმუნონ. ეს ბრიუსელსაც კარგად აქვს გააზრებული, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ ამ დამატებითი რაღაცა შანტაჟით და საინფორმაციო ხმაურით მაინც მიცემენ რაღაცა ბოლო შანსს თავიანთ აგენტურულ ოპოზიციას, რომ ან რევოლუციით ჩაგვანაცვლონ, ან არჩევნებით. ეს გამორიცხულია, ქართველი ხალხია ამის გარანტი. მე ბევრჯერ განმიცხადებია, რომ მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ, ეს ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ გადავფურცლოთ ეს ყველაფერი, დავიწყოთ რეალური პარტნიორობა და ბევრჯერ განმიცხადებია ის, რომ ვინაიდან „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არის გაასმაგებული, ვერ მოითმენს ევროკავშირი დიდი ხანი და მათ მოუწევთ, რომ დასხდნენ და ჩვენთან დაიწყონ უკვე ურთიერთობა”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
