ოპოზიცია მამუკა მდინარაძის მიერ საკონსულტაციო კომპანიის დაფუძნებას აფასებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე შიდა დაპირისპირებებს უკავშირდება, ხოლო მისი ახალი საქმიანობის რეალური მიზნები ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
“ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, მამუკა მდინარაძის პოლიტიკური კარიერა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ფინანსურ ინტერესებზე მიუთითებს. სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ მდინარაძეს სისტემაში არაფორმალური ფუნქციები დაეკისროს, მათ შორის ფინანსური რესურსების მობილიზების მიმართულებით.
მე ვფიქრობ, რომ მდინარაძის ე.წ. პოლიტიკური კარიერის ტრაექტორია აჩვენებს, ვინ არიან რეალურად ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებაში. ეს არის საშოვარზე გამოვარდნილი ხალხი, რომლებსაც არ აქვთ არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი, არც პოლიტიკური იდეოლოგია, რომლებიც ემსახურებიან სისტემას და რეჟიმს და ამაში იღებენ შესაბამის ფინანსურ ინტერესს იმ როლში, რა როლშიც სჭირდება ეს მოცემულ მომენტში სისტემას, როდესაც სისტემას ის აღარ სჭირდება და გააგდებენ, შემდეგ აგრძელებენ მცდელობას, რომ ფული შოვნა გააგრძელონ რაიმე სხვა გზებით. მე არ ვიცი რა ფუნქცია აქვს, თუ რამე ფუნქცია აქვს დარჩენილი მდინარაძეს სისტემაში, მაგრამ შეიძლება რაიმე არაფორმალური დანაყოფის შექმნა დაავალეს იგივე საკითხების მოსაგვარებლად, ფულის ამოსაღებად, ოღონდ უკვე არა ფორმალური სტრუქტურებიდან, არამედ გვერდიდან, გამოჩნდება, – ამბობს სალომე სამადაშვილი.
“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, თენგო თევზაძის განცხადებით, მამუკა მდინარაძე პოლიტიკისგან დისტანცირებას ცდილობს, რათა ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება არ გამოიწვიოს. მისი შეფასებით, ახალი საკონსულტაციო კომპანია დამოუკიდებელი საქმიანობის მხოლოდ იმიტაციას ქმნის, ხოლო მდინარაძის შემდგომი ბედი ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
მამუკა მდინარაძის ერთადერთი ამოცანა ახლა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ცუდად არ გაახსენდეს, ამიტომ ის, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დისტანცირებას გააკეთებს პოლიტიკიდან და ეს რაღაც საკონსულტაციო ცენტრიც მხოლოდ იმისთის არის შექმნილი, რომ იმიტაცია შექმნას, თითქოს სხვა რამით არის დაკავებული ან თავისუფალია თავის საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ახლა ხდება გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძეს დააკვებენ თუ არა, – ამბობს თენგო თევზაძე.
ენმ-ს წევრი, ლაშა ფარულავა მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებებს უკავშირებს. მისი შეფასებით, მდინარაძე ახალი კომპანიის მეშვეობით ფინანსური შემოსავლის მიღებასა და პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებას ცდილობს.
მამუკა მდინარაძე ცდილობს ჩრდილიდან გამოსვლას, მას დაუნიშნეს ასინეთა, თუმცა ახლა ნებართვა აიღო შიდა პატიმრობიდან ათავისუფლებენ, შექმნა საკონსულტაციო კომპანია და ცდილობს, ორი კაპიკი იშოვოს, იმიტომ, რომ ეს ორი კაპიკიც ბიძინა ივანიშვილთან ექნება მას მისატანი. “ქართულ ოცნებაში” არის შიდა წიოკი, დაპირისპირება, ერთმანეთის ჩაშვება არის მათი ყოველდღიურობა და ამის მაგალითი მდინარაძის ასე გათავისუფლება და მოსროლა პოლიტიკურ სანაგვეზე, – ამბობს ლაშა ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მდინარაძემ ახალი საკონსულტაციო კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 27 აგვისტოს გააკეთა. ის ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, სექტემბრიდან მას რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი პოსტი უნდა დაეკავებინა. მოგვიანებით კი, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, მას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.
