„[(მიწის ზედა ტრამვაი დიდი დიღმის ნაკადს) არ განტვირთავს, იმიტომ, რომ, როგორც სპეციალისტებისგან მაქვს მოსმენილი, დიდი დიღმიდან მთავარი ნაკადები მოდის არა დიდუბისა და შემდეგ ჩუღურეთის მიმართულებით, არამედ საბურთალოს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა საბა ბუაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი შეფასებით, ტრამვაის პროექტი თავისთავად კარგია, თუმცა, დიდი დიღმის სატრანსპორტო ნაკადების პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან უბნიდან გადაადგილების მთავარი მიმართულება, მისი ინფორმაციით, საბურთალოა.
„დიდი დიღომი საერთოდ ახალი, მზარდი პრობლემა არის, იმიტომ, რომ ეს არის ე.წ. საძილე უბანი, სადაც ყოველდღიურად ადამიანები შედიან და გამოდიან. სადაც არ არის საგზაო ინფრასტრუქტურა განვითარებული.
მარტო დიდი დიღმიდან გამოსვლას სჭირდება 45 წუთზე მეტი იმისთვის, რომ აღმაშენებლის ხეივანში აღმოჩნდე. ესეც არის არასწორად დაგეგმარებული ქალაქის პრობლემა.
[ტრამვაი დიდი დიღმის ნაკადს] ვერ განტვირთავს, იმიტომ, რომ, როგორც სპეციალისტებისგან მაქვს მოსმენილი, დიდი დიღმიდან მთავარი ნაკადები მოდის არა დიდუბისა და შემდეგ ჩუღურეთის, არამედ საბურთალოს მიმართულებით. ამიტომ იქ სხვა რაღაცის მოფიქრებაა საჭირო იმისთვის, რომ რეალური პრობლემები მოგვარდეს.
თავის მხრივ, ტრამვაი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ როდესაც 14 წელია მართავ ქალაქს, როგორც პოლიტიკური ძალა და ვერც ერთი მეტროს ახალი ხაზი ვერ გააკეთე, ვერც ერთი ახალი მარშრუტი ვერ გააკეთე, ეს არის დანაშაული.
ჩვენ სულ ამ პირობებში ვცხოვრობთ – „გაკეთდება, მიწის ზედა მეტრო ლილოში, იქ, აქ“ და სინამდვილეში არაფერი გაკეთდა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში ტრამვაის ხაზის პროექტირება – მშენებლობის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. პროექტის ბიუჯეტი 287 654 321 ლარს შეადგენს.
ამასთან, როგორც ცნობილია, ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ცალკე ტენდერი 10 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე.
ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას.
ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.
