ახალი გამოძიება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძე კომენტარს არ აკეთებს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.
“მე ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ეს არის წმინდად გამოძიების საქმე და შესაბამისი უწყებები იქნებიან დაკავებული ამ საკითხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო – საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.
