„საქართველოში, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, მიმდინარეობს ე.წ. მოსახლეობის დაბერების პროცესი, როდესაც მთლიან პოპულაციაში ასაკოვანი მოსახლეობის წილი თანდათანობით იმატებს,“ – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტშია საუბარი, რომელიც 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტს ერთვის.
უწყების შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვან ზეწოლას შექმნის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მომსახურებებსა და პენსიებზე გაწეული ხარჯების მიმართულებით.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში უკვე სახეზეა მოსახლეობის მკვეთრი დაბერების მზარდი ტენდენცია. შედეგად, ამჟამად, ოთხ სამუშაო ასაკის პირზე ერთი ასაკოვანი ადამიანი მოდის.
გაეროს პროგნოზებზე დაყრდნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წელს ერთ 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანზე დაახლოებით ოთხი სამუშაო ასაკის პირი მოდის, თუმცა 2075 წლისთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 2.4-მდე შემცირდეს.
ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ასაკოვანი მოსახლეობის რაოდენობა ქვეყანაში მომავალ წლებში მუდმივად გაიზრდება, მაშინ როდესაც სამუშაო ასაკის მოსახლეობა შედარებით სტაბილური იქნება, 2040-იანი წლებიდან კი მისი კლების ტენდენცია დაიწყება.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის დაბერება უკვე ქმნის ფისკალური ზეწოლის რისკს. კერძოდ, უწყების შეფასებით, უფროსი ასაკის მოსახლეობას, ახალგაზრდა მოსახლეობასთან შედარებით, ქრონიკული დაავადებების უფრო მაღალი ტვირთი აქვს.
„მათ შორისაა ართრიტი, ხერხემლის ტკივილი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. ამასთან, ასაკოვანი მოსახლეობა 2013 წელს დანერგილი პირველადი უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის მთავარი მომხმარებლების ჯგუფშია. სისტემა მოიცავს უფასო ამბულატორიულ მომსახურებასა და დიაგნოსტიკურ კვლევებს.
დემოგრაფიული ცვლილება გაზრდის ჯანდაცვის ხარჯებს. იმ დაშვებით, რომ ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის რეალური ხარჯები იზრდება მხოლოდ შრომის პროდუქტიულობის ზრდით, მხოლოდ დემოგრაფიული ცვლილება ჯანდაცვის ხარჯებს მომდევნო 50 წლის განმავლობაში სხვადასხვა სცენარის მიხედვით საშუალოდ ზრდის მშპს 0.2-დან 0.6 პროცენტულ პუნქტამდე ფარგლებში.
მიუხედავად იმისა, რომ ზრდა ყველაზე მაღალია დაბალი შობადობის სცენარში, ჯანდაცვის ხარჯები შობადობის სამივე სცენარში იზრდება (საშუალო, მაღალი და დაბალი)“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.
ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, მოსახლეობის დაბერება საქართველოსთვის მომავალ წლებში მნიშვნელოვან დემოგრაფიულ და ფისკალურ გამოწვევად განიხილება, რადგან ასაკოვანი მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზრდება როგორც საპენსიო, ისე ჯანდაცვის ხარჯებზე მოთხოვნა.
