ჯიფსი როუზ ბლანშარი, ქალი, რომელმაც შეყვარებულთან ერთად დედის მკვლელობა დაგეგმა და ამ დანაშაულისთვის ციხეში აღმოჩნდა მსოფლიომ წლების წინ გაიცნო. მისი პირადი ცხოვრება ციხის დატოვების შემდეგ მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მისი ყოფილი პარტნიორი, კენ ურკერი, რომელთანაც საერთო ქალიშვილი ჰყავს, 34-ე დაბადების დღეზე გარდაცვლილი იპოვეს.
ურკერი 1 ოქტომბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, ლუიზიანის შტატის ქალაქ რეისლენდში, სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. შერიფის ოფისის ინფორმაციით, სამართალდამცველები საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 18:15 საათზე მივიდნენ. ადგილზე მისულებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ჯიფსი როუზ ბლანშარმა უცხოურ მედიასთან განაცხადა, რომ კენი ნარკოტიკების ჭარბი დოზით გარდაიცვალა, თუმცა არ იცის, განზრახ მიიღო თუ არა მან ის.
“არ ვიცი, ეს განზრახ გააკეთა თუ არა. ბოლო პერიოდში ის ფსიქოლოგიურად კარგ მდგომარეობაში არ იყო“, – განაცხადა ბლანშარმა.
მისივე თქმით, პარტნიორის გარდაცვალების ამბავი მისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მომხდარს ჯერ კიდევ ვერ იჯერებს.
“არ მჯერა, რაც მოხდა. ფიქრი არ შემიძლია. ვყვიროდი იქამდე, სანამ ყელი არ ამტკივდა“, – ამბობს ჯიფსი.
როგორც ირკვევა, ბლანშარმა ურკერს დაბადების დღე ტექსტური შეტყობინებით მიულოცა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მოგვიანებით, კენი ჯიფსის ძმამ, დილანმა და მისმა მეუღლემ იპოვეს, როდესაც ისინი სახლში მივიდნენ. ურკერის დამ, ოტემნმა, იმავე საღამოს TikTok-ზე პირდაპირი ჩართვისას მისი გარდაცვალება დაადასტურა. მისი თქმით, ძმის ბოლო სიტყვები მის მიმართ იყო: “მიყვარხარ“.
კენ ურკერისა და ჯიფსი როუზ ბლანშარის ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ქალი დედის მკვლელობისთვის სასჯელს იხდიდა. ისინი ერთმანეთს ციხეში ყოფნის პერიოდში დაუკავშირდნენ. 2018 წლის ოქტომბერში კენმა ჯიფსის ხელი სთხოვა, თუმცა წყვილმა ნიშნობა მალევე გადაიფიქრა. 2019 წლის აგვისტოში ისინი კვლავ შერიგდნენ, მაგრამ მოგვიანებით ისევ დაშორდნენ.
ბლანშარი ციხიდან 2023 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ამ პერიოდში ის რაიან ანდერსონზე იყო დაქორწინებული, თუმცა მასთან დაშორების შესახებ გათავისუფლებიდან ოთხი თვის შემდეგ განაცხადა. 2024 წლის აპრილში ჯიფსი და კენი კვლავ ერთად გამოჩნდნენ. მათი ურთიერთობა მალე ახალ ეტაპზე გადავიდა – ქალი ბავშვს ელოდა.
2024 წლის დეკემბერში მათ ქალიშვილი, აურორა რეინა შეეძინათ. ურკერი ხშირად საუბრობდა მამობაზე და აღნიშნავდა, რომ ჯიფსის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მისი პიროვნული ცვლილებებისა და ზრდის დანახვა მისთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო.
ახლა ჯიფსი როუზ ბლანშარი ამბობს, რომ კენი მისთვის მხოლოდ ყოფილი პარტნიორი არ ყოფილა. ის მისი ცხოვრების სიყვარულად და მათი ქალიშვილის მოსიყვარულე მამად რჩება.
“კენი შესანიშნავი მამა იყო. ის სამუდამოდ დარჩება ჩემს სულის მონათესავედ და კავშირად, რომელსაც ვერც დრო, ვერც მანძილი და ვერც სიკვდილი ვერ წაშლის“, – განაცხადა მან.
ბლანშარის თქმით, კენი ურთიერთობის განმავლობაში სოციალურ ქსელებში მუდმივი კრიტიკისა და კიბერბულინგის მსხვერპლი იყო. მისი აზრით, საზოგადოების მხრიდან განხორციელებულმა ზეწოლამ მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
“კენს წარმოუდგენლად დიდი საზოგადოებრივი ყურადღებისა და სოციალურ ქსელებში, მათ შორის TikTok-სა და Reddit-ზე, განუწყვეტელი კიბერბულინგის ატანა უწევდა. ის სისასტიკე, რომელსაც მის მიმართ იჩენდნენ, არც ერთ ადამიანს არ უნდა გამოეცადა. მჯერა, რომ ამ ზეწოლამ და შევიწროებამ მასზე გავლენა მოახდინა“, – აღნიშნა ჯიფსიმ.
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა ქალიშვილმა მამა ისეთი გაიცნოს, როგორიც სინამდვილეში იყო, და არა ისე, როგორც მას ინტერნეტში განიხილავდნენ.
კენ ურკერის გარდაცვალების გარემოებების გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, რა ნივთიერება მიიღო მან.
შეგახსენებთ, რომ ჯიფსი როუზ ბლანშარი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც დედის მკვლელობის საქმეზე დააკავეს. წლების განმავლობაში დედა მას მძიმე დაავადებების არსებობაში არწმუნებდა, აიძულებდა ევლო შშმ პირის ეტლით და სხვადასხვა სამედიცინო პროცედურას უტარებდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯიფსის ბევრი დაავადება სინამდვილეში არ ჰქონდა.
დედა ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აყალბებდა და მის ნაცვლად ხშირად თავად იღებდა გადაწყვეტილებებს. ჯიფსი როუზის ისტორია ფართო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილი 2015 წელს გახდა, როდესაც გაირკვა, რომ მან შეყვარებულ ნიკოლას გოდეჯონთან ერთად დედის მკვლელობა დაგეგმა. გოდეჯონმა დი დი ბლანშარი დანით მოკლა, ჯიფსის მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2023 წლის დეკემბერში ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
